ფრე რუსულ გუნდთან - ფალავანდიშვილმა ბათუმის „დინამოს“ ფორმით პირველად გაიტანა #1TVSPORT
ფრე რუსულ გუნდთან - ფალავანდიშვილმა ბათუმის „დინამოს“ ფორმით პირველად გაიტანა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მორიგი შეხვედრა გამართა – გია გეგუჩაძის გუნდი რუსეთის პრემიერლიგის „ნიჟნი ნოვგოროდს” დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ დაასრულა.

რუსული გუნდის თხოვნით, ბელეკში გამართული მატჩი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და პირდაპირი ტრანსლირება არ განხორციელდა. ანგარიში 26-ე წუთზე დიმიტრი სტოცკიმ გახსნა და მატჩის პირველი ტაიმი ასე დასრულდა.

ბათუმელებმა წონასწორობა მეორე ტაიმში აღადგინეს. 62-ე წუთზე გუგა ფალავანდიშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი რუსული კლუბის მოთამაშეს მოხვდა და მეტოქის კარში ასხლეტის შედეგად ჩავარდა. ეს „დინამოს“ მაისურით გამოცდილი ნახევარმცველის გატანილი პირველი გოლი იყო.

საბოლოოდ, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. საქართველოს ჩემპიონი თურქული შეკრების დასკვნით ამხანაგურ მატჩში „ინგულეცს“ დაუპირისპირდება.

„დინამო“ ბათუმი – „ნიჟნი ნოვგოროდი“- 1:1

0:1 სტოცკი (26), 1:1 ფალავანდიშვილი (62)

„დინამო“ ბათუმი (სასტარტო შემადგენლობა): კუპატაძე, ზურაბიანი, კობახიძე, რეხვიაშვილი, აზაროვი, ფალავანდიშვილი, ბიძინაშვილი, ანანიძე, გაფრინდაშვილი, ფანცულაია, დენკოვიჩი