ეროვნულ ლიგაში მე-12 ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ტორპედომ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა.
შეხვედრა „საბურთალოსთვის“ კარგად დაიწყო – პირველ ტაიმში, 29-ე წუთზე დმიტრი მანდრიჩენკომ მეკარე დინო ჰამზიჩის და მცველების შეუთანხმებლობით ისარგებლა, ქუთაისის „ტორპედოს“ კარი აიღო და ანგარიში გახსნა. ეს მიმდინარე სეზონში მოლდოველი ლეგიონერის მე-5 გოლია.
ქუთაისელებმა წონასწორობა მხოლოდ მატჩის მიწურულს აღადგინეს. ალაიდინ სალაკუს ფლანგური გადაცემის შემდეგ მცველებს მეჰდი ბუკასიმ დაასწრო და 86-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1
12 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ 7 ქულა დააგროვა და ბოლო ადგილს მაინც ვერ დაშორდა. „საბურთალოს“ ანგარიშზე კი უკვე 21 ქულაა, მაგრამ თბილისელებმა 22 ქულის მქონე ბათუმის „დინამოსა“ და გორის „დილას“ გასწრების შანსი ხელიდან გაუშვეს.