ფრე ქუთაისში - „საბურთალომ“ „ტორპედოსთან“ ქულა გადაარჩინა #1TVSPORT
ფრე ქუთაისში - „საბურთალომ“ „ტორპედოსთან“ ქულა გადაარჩინა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 30-ე ტურის მორიგ შეხვედრას ქუთაისმა უმასპინძლა, სადაც „ტორპედო“ თბილისის „საბურთალოს“ შეხვდა.

„რამაზ შენგელია – არენაზე“ გამართულ მატჩში პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. შეხვედრის მეორე ნახევარში კი თამაში გაიხსნა და მომენტები ორივე გუნდმა შექმნა. ანგარიშის წაყვანა მასპინძლებმა მოახერხეს. 50-ე წუთზე ცინცაძის პასით თორნიკე ახვლედიანმა ისარგებლა და ახლო მანძილიდან თავურით ზუსტად დაარტყა. სტუმრებს წონასწორობის აღსადგენად 20 წუთი დასჭირდათ. ნიკა მალის გადაცემის შემდეგ, ქუთაისელთა საჯარიმოში დაჩი ცნობილაძემ მცველებს დაასწრო და ეფექტური თავური დარტყმით ანგარიში 1:1 გახადა. გოლის გატანის შანსი ამის შემდეგ ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ, გუნდებმა ქულები გადაინაწილეს 1:1.

30 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ 27 ქულა დააგროვა და ქობულეთის „შუქურას“ (26) მხოლოდ უმნიშვნელო უპირატესობით ასწრებს. „საბურთალო“ (50) მესამე ადგილზე დარჩა, თუმცა, გორის „დილას“ (47) მატჩის მოგებით დაწევის შანსი გააჩნია.