76-ე ქართულმა „კლასიკომ“ გამარჯვებული ვერ გამოავლინა – ქუთაისის „ტორპედომ“ „რამაზ შენგელია – არენაზე“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ დაასრულა.
ტრადიციულ მეტოქეთა დაპირისპირება დაძაბულად მიმდინარეობდა. გოლის გატანის რეალური შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ მეტოქეებმა ამ შესაძლებლობებით ვერ ისარგებლეს.
69-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა მეტოქეთა მოთამაშეები გააძევა – ქუთაისელთა მცველი თორნიკე გრიგალაშვილი და „დინამოს“ უკანახაზელი გიორგი ქიმაძე.
საბოლოოდ გუნდებმა ქულები გადაინაწილეს – 0:0.
ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ ხუთი ქულა მოიპოვა და მეშვიდე ადგილზეა, ხოლო თბილისის „დინამომ“ ცხრა ქულა დააგროვა და ვერ დაეწია გორის „დილას“, რომელსაც უკვე ორი ქულით ჩამორჩება.