ფრე ლიდერთა დაპირისპირებაში - „დილა“ პირველობას ინარჩუნებს (ფოტო)
ფრე ლიდერთა დაპირისპირებაში - „დილა“ პირველობას ინარჩუნებს (ფოტო)

ეროვნული ლიგის მე-7 ტური გორში გამართული მატჩით დასრულდა – თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე „დილამ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა.

ანგარიში მე-15 წუთზე ბათუმელებმა კურიოზული გოლით გახსნეს: „დინამოს“ მარჯვენა მცველის, კიჭი მელიავას ფლანგური გადაცემის შემდეგ, გორელთა მცველმა, დავით ხურცილავამ ბურთი მოგერიებისას თავისიანს, ბალბუ იენდეუნტის მოარტყა, რომლისგანაც ბურთი „დილას“ კარში აღმოჩნდა – 0:1.

ტაიმის ბოლო გორელებმა უპირატესობა მოიპოვეს და რეალური საგოლე მომენტები შექმნეს, მაგრამ თემურ მარკოზაშვილმა და მიკოლა კოვტალიუკმა რეალური შესაძლებლობებით ვერ ისარგებლეს. თუმცა, გორელთა შეტევებმა შედეგი მაინც გამოიღო: მცველების შეცდომის შემდეგ ბურთი თემურ მარკოზაშვილმა მოიპოვა და მეკარესთან პირისპირ ირაკლი ლექვთაძე დატოვა, რომელმაც ეფექტურად გაიტანა – 1:1.

მეორე ტაიმში რეალური სახიფათო მომენტი ბათუმელთა ლეგიონერმა, ვაგნერ გონსალვეშმა შექმნა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და გორელები გადარჩნენ. საბოლოოდ, მეტოქეებმა მეტის გატანა ვეღარ შეძლეს და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

საბოლოოდ, 7 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 11 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა. „დილა“ კი 15 ქულით ისევ ლიდერობას ინარჩუნებს და თბილისის „დინამოსა“ და „საბურთალოს“ 3-3 ქულით ასწრებს.