ფრე „კავკასიონი არენაზე“ - „თელავმა“ ქულა „დინამოსაც“ წაართვა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-7 ტურის პირველი სათამაშო დღის ბოლო შეხვედრას „კავკასიონი არენამ“ უმასპინძლა. „თელავმა“ „დინამო თბილისი“ მიიღო და სეზონის ყველაზე სანახაობრივი, დაძაბული შეხვედრა ფრედ დაასრულა.
ანგარიში „დინამომ” სწრაფად გახსნა – მარჯვენა ფლანგზე განვითარებული შეტევითა და დმიტრი ანტილევსკის კარგი გადაცემით ანზორ მექვაბიშვილმა ისარგებლა და თბილისელები მე-4 წუთზე დააწინაურა.
„თელავმა“ ანგარიშის გათანაბრება ასევე სწრაფად მოახერხა. მატჩის მე-14 წუთზე სტრაჰინია პავიშიჩმა გაიტანა – სერბმა ლეგიონერმა, მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ახლოდან ზუსტად დაარტყა.
ახლა „თელავის” აქტივში 9 ქულაა, ერთი თამაში მარაგში და გუნდიც გათამაშების ცხრილში მე-4 ადგილზეა, ხოლო „დინამო თბილისი“ (13 ქულა) მეორე პოზიციას იკავებს, მაგრამ კახა ცხადაძის გუნდსაც ერთი მატჩი მარაგში აქვს, რომლის მოგების შემთხვევაში ლიდერ ბათუმის „დინამოს“ (16) დაეწევა.
ეროვნული ლიგის მე-7 ტურის ბოლო შეხვედრა ორშაბათს, 11 აპრილს, „მიხეილ მესხი 2“ -ზე გაიმართება – თბილისის „ლოკომოტივი“ ერთ-ერთ ლიდერს, გორის „დილას“ 19:00 საათზე დაუპირისპირდება.