ფრე ისლანდიასთან - 19-წლამდელებმა ელიტ-რაუნდში მეორე მატჩიც ვერ მოიგეს [ვიდეო] #1TVSPORT
20:56, 26.03.2022
ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდზე საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მეორე მატჩი ისლანდიასთან გამართა და მხოლოდ ქულის მოპოვება შეძლო, რაც ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ვასილ მაისურაძის გუნდს ორი ფეხბურთელი დააკლდა – რუმინეთთან წაგებულ შეხვედრაში (1:5) გაძევებული გიორგი ჩხეტიანი და ნიკა სიხარულაშვილი. ამჯერადაც გუნდს გაუთვალისწინებელი პრობლემები შეექმნა – მე-7 წუთზე ტრავმის გამო შესაცვლელი გიორგი კვერნაძე გახდა, ხოლო მეორე ტაიმის – გიორგი გვიშიანიც.
პირველ ტაიმში სამჯერ შეეძლო ანგარიშის გახსნა გიგი აბუაშვილს, რომელიც ჩვენს გუნდში ყველაზე აქტიური და სასარგებლო იყო, მაგრამ ორჯერ მეკარეს ვერ აჯობა, მესამედ კი ბურთი მიზანს ააცილა. შანსი ისლანდიელებმაც შექმნეს, როდესაც ჩვენი გუნდი ძელმა გადაარჩინა.
მეორე ნახევარშიც რეალური საგოლე მომენტი ისევ აბუაშვილმა შექმნა, მაგრამ 70-ე წუთზე მისი წამოწყებული შეტევა გიზო მამაგეიშვილმა ზუსტი დარტყმით ვერ დააგვირგვინა. ჩვენებმა მაინც გაიტანეს – 73-ე წუთზე, მცველების შეცდომით თორნიკე დუნდუამ ისარგებლა და ახლოდან დარტყმით ანგარიში გახსნა 1:0.
ისლანდიელთა შეტევის შეჩერებისას 89-ე წუთზე ნიკა ცხოვრებაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ჩვენი გუნდი ზედიზედ მეორე შეხვედრაში კაცნაკლული დარჩა. ისლანდიელებმა კი 90+8 წუთზე პენალტი მოიპოვეს, რომელიც ორი-სტეიდნ ოსკარსონმა უნაკლოდ შეასრულა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.
რუმინეთმა საქართველოსთან მოგების (5:1) შემდეგ მასპინძელი ხორვატიაც დაამარცხა (2:1) და 6 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგა.
ჩვენი 19-წლამდელები ელიტ-რაუნდის ბოლო ტურის შეხვედრას 29 მარტს გამართავენ – ვასილ მაისურაძის გაწვრთნილები მასპინძელ ხორვატიას დაუპირისპირდებიან.