ფრე აუტსაიდერთა დაპირისპირებაში - „არაგვმა“ ქულა ბოლო წამზე გადაარჩინა
პანდემიის გამო გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, ზუგდიდის „დინამომ“ პირველ საშინაო მატჩი განმუხურის სტადიონზე ჩაატარა – ზუგდიდელებმა ეროვნულ ლიგა 2-ში აღზევებულ დუშეთის „არაგვს“ უმასპინძლეს და მხოლოდ ქულას დასჯერდნენ.
ეს იყო მეხუთე ტურის ტურის ბოლო შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ბოლო ადგილებზე მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა, მისი ბედი კი დამატებულ დროში გადაწყდა.
მასპინძლებმა ანგარიში მესამე დამატებულ წუთზე წუთზე, პენალტით გახსნეს – თავი დათა სიჭინავამ გამოიჩინა. მაგრამ ზუსტად ერთ წუთში, მასპინძელთა მოთამაშე გიგა წურწუმია მოედნიდან გააძევეს, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს – დამატებული დროის მეცხრე წუთზე წონასწორობა „არაგვის“ ნახევარმცველმა ლევან გზირიშვილმა აღადგინა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.
ხუთი ტურის შემდეგ 15 ქულით ლიგა 2-ის გათამაშებას „შუქურა“ ლიდერობს და მეორედგილოსან მარტვილის „მერანს“ ხუთი ქულით ასწრებს, ბოლო ადგილებზე კი სამ-სამი ქულით დუშეთის „არაგვი“ და ზუგდიდის „დინამო“ არიან.