ხვიჩა კვარაცხელიამ თურქულ შეკრებაზე „რუბინში“ მორიგი ამხანაგურ მატჩი ჩაატარა. ყაზანელები მოსკოვის ცსკა-სთან დაუპირისპირდნენ და 1:1 დაასრულეს, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 73 წუთი ითამაშა.
ხვიჩა ნელ-ნელა ფორმაში შედის და არმიის კლუბს რამდენიმეჯერ პრობელმა შეუქმნა, ორჯერ სცადა გატანა, მაგრამ მოსკოველთა მეკარე იგორ აკინფეევი საიმედოდ თამაშობდა. შესვენებამდე ხვიჩამ ქუსლით ეფექტური პასით თანაგუნდელი კარის წინ დატოვა, მაგრამ მან ამ შანსით ვერ ისარგებლა.
„თამაშმა აჩვენა, რომ „რუბინი“ ქართველ ლეგიონერზე აბსოლუტურ ფსონს დებს. თითქმის ყველა შეტევა აუცილებლად მარცხენა ფლანგამდე აღწევდა და უმეტესობა ხვიჩამ დაასრულა. მართალია, მის დარტყმებს სიზუსტე აკლდა – ან ძლიერად არტყამდა ან სწორხაზოვნად და აკინფეევს ვერ აჯობა. ხვიჩა სრულიად დაღლილი იყო, მეორე ტაიმში არაფერი გამოუვიდა და 73-ე წუთზე შეცვალეს“, – წერს „სოვეტსკი სპორტი“.
ყაზანის „რუბინი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 21 თებერვალს გამართავს. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, გუნდი ყაზახეთის ჩემპიონ „ტობოლს“ განსხვავებული შემადგენლობით დაუპირისპირდება.