ფრე 72-ე ქართულ კლასიკოში - ტორპედო-დინამო 0:0
ფრე 72-ე ქართულ კლასიკოში - ტორპედო-დინამო 0:0

ქართული კლასიკო დასრულდა. სამტრედიაში გამართული შეხვედრა ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის, სავსე ტრიბუნების წინაშე მიმდინარეობდა და დაძაბული და ძალიან საინტერესო გამოდგა.

მე-12 წუთზე ლევან შენგელია მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ როინ კვასხვაძეს ვერ აჯობა. 27-ე და 35-ე წუთებზე ტორპედოელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ მთავარმა არბიტრმა თამაში გააგრძელა – პირველად დინამოელთა მცველმა, დავით კობოურმა, მასპინძელთა აზრით, ხელით ითამაშა, მეორედ კი ქუთაისელთა თავდამსხმელმა, თორნიკე კაპანაძემ სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.

მეორე ტაიმი უფრო საინტერესოდ და მაღალ ტემპში წარიმართა. ანგარიშის გახსნას ორივე გუნდი ცდილობდა. რეალური შანსი ჰქონდა ფრან კარბიას – „ტორპედო“ მეკარე როინ კვასხვაძემ აშკარა გოლისგან იხსნა.

ზედიზედ ორჯერ სახიფათოდ შეუტია ნოდარ ქავთარაძემ. 64-ე წუთზე მათე ცინცაძის ძლიერი დარტყმის შემდეგ „დინამო“ ხოსე პერალესმა გადაარჩინა. 72-ე წუთზე უძლიერესი გასროლით დინამოელთა კარის აღება მერაბ გიგაურმა სცადა და ააცილა. 79-ე წუთზე კი რიჩარდ ლუკას შეტევის შემდეგ თბილისელები ისევ პერალესმა გადაარჩინა. 83-ე წუთზე ყოფილი გუნდის კარის აღებას ლევან კუტალია ცდილობდა, მაგრამ როინ კვასხვაძემ „ტორპედო“ ამჯერადაც იხსნა.

მსაჯის მიერ დამატებულ დროში გატანის რეალური შანსი თენგო წიქარიძეს ჰქონდა, რომელსაც ბოლო მომენტში მცველი გადაეფარა და ვითარება განმუხტა.

საბოლოოდ, 72-ე ქართული კლასიკო, რომელიც ამ გუნდების დაპირისპირებაში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი გამოდგა, ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.