„ფრანს პრესი“ - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი გადაურჩა საფრანგეთის რევოლუციას, ორ მსოფლიო ომს, ტერორისტულ საფრთხეებსა და ჰაერის დაბინძურებას
„ფრანს პრესი“ - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი გადაურჩა საფრანგეთის რევოლუციას, ორ მსოფლიო ომს, ტერორისტულ საფრთხეებსა და ჰაერის დაბინძურებას

850 წლის განმავლობაში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი გადაურჩა საფრანგეთის რევოლუციას, ორ მსოფლიო ომს, ტერორისტულ საფრთხეებსა და ჰაერის დაბინძურებას, – ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ წერს.

მათივე ცნობით, 1944 წლის 24 აგვისტოს სწორედ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ზარებმა აუწყა მოსახლეობას პარიზის ნაცისტებისგან გათავისუფლების შესახებ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს უკვე რამდენიმე საათია, 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძვის.

ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა ხანძარს გადაურჩა

საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტაძარში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ყველა ზომას მიმართავენ, გარდა სახანძრო ვერტმფრენებისა, რადგან სახანძრო ვერტმფრენების გამოყენებით დაინგრევა ის კონსტრუქციებიც, რომელთა გადარჩენის შანსი არსებობს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან არის აცილებული და ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა იუნესკო-მ.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.