პარი სენ-ჟერმენის ფორვარდმა ნეიმარმა, შესაძლოა, სეზონის დარჩენილი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვოს. ბრაზილიელის მდგომარეობა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ექიმები ვარაუდობდნენ. როგორც „გეთ ფუტბოლ ნიუს ფრანსი“ (Get Football News France) წერს, ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის ერთ-ერთი ძვლის მოტეხილობა დაუდგინეს. ნეიმარის მკურნალობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას პარი სენ-ჟერმენის სამედიცინო შტაბი ბრაზილიის ნაკრების ექიმებთან ერთად მიიღებს.
როგორც ვარაუდობენ, დიდი ალბათობით, ბრაზილიელს ოპერაცია დასჭირდება. ამ შემთხვევაში, ნეიმარი გამოტოვებს მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს.
უფრო ადრე დაიწერა, რომ ფორვარდი ვერ ითამაშებდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩს მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ.
ნეიმარმა ტრავმა ერთი კვირის წინ, საფრანგეთის თასის მატჩში მიიღო. ამ სეზონში მან 23 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი შეასრულა.