ფრანგული მედიის რეაქცია ევროპის ჩემპიონატში წარუმატებლობაზე - საფრანგეთი განადგურებულია, დეშამი უბრალოდ დაიკარგა #1TVSPORT
ფრანგული მედიის რეაქცია ევროპის ჩემპიონატში წარუმატებლობაზე - საფრანგეთი განადგურებულია, დეშამი უბრალოდ დაიკარგა #1TVSPORT

2021 წლის 28 ივნისს, ბუქარესტის „ნაციონალ არენაზე“ საფრანგეთის იმედები დაიმსხვრა – საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში შვეიცარიასთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. 

ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, მსოფლიოს ჩემპიონები ანგარიშით 3:1 იგებდნენ, მაგრამ მეტოქეს გათანაბრების საშუალება მისცეს, შემდეგ კი პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

„იმედგაცრუება“ – ეს სიტყვა ერთდროულად სამი გაზეთის – La Depeche, Le Dauphine Libere და Le Parisien- ის პირველ გვერდებზე გამოჩნდა. L’Equipe-მა რეაქცია ერთ სიტყვაში მოათავსა – „განადგურებულია“. „უფსკრულში ჩავარდნა“, – ეს La Voix du Nord-ის ვარიანტია.

უპირველეს ყოვლისა, ამ მარცხისთვის მთავარ მწვრთნელს, დიდიე დეშამს მოხვდა და საფრანგეთი მის გადაყენებას ელოდება. ამავე დროს, კილიან მბაპეს გადამწყვეტ შეცდომას განიხილავენ.

RMC Sport – ზიდანი უკვე დანიშნული მემკვიდრეა

„დეშამი შეკრების დაწყებიდანვე არ იყო თანმიმდევრული და თითქმის ყველა მატჩში ტაქტიკურ სქემას ცვლიდა. მოხდა ისე, რომ სისტემას ტაიმში სამჯერ ცვლიდა. ეს ნიშნავს, რომ უარეს შემთხვევაში დეშამი უბრალოდ დაიკარგა, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში – უბრალოდ შეცდა. თუმცა, არც ერთი და არც მეორე არ უნდა მომხდარიყო. დეშამი რომ წასულიყო, ყველა თვალი იქნებოდა მიპყრობილი. როგორც ჩანს, ზინედინ ზიდანი უკვე დანიშნული მემკვიდრეა. თავად ამაზე რას ფიქრობს? ის ასი პროცენტით მზად არის და დაძახებას ელოდება. შეგახსენებთ, რომ ზიზუმ ცოტა ხნის წინ მადრიდის „რეალი“ დატოვა“.

Le Parisien – მცველებმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს

„ამ მარცხის სიმბოლო იყო მბაპე, რომელმაც მატჩების შემდგომ პენალტების სერიაში გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, მაგრამ ყველაზე დიდი კრიტიკა საფრანგეთის ნაკრების მცველებმა მიიღეს. დაღლილობა, სიცხე, ტაქტიკური სქემა … წარუმატებელი თამაშის ასახსნელად მრავალი ფაქტორის გახსენება შეიძლება, მაგრამ მცველებმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს, ეს რიგ-რიგობით გააკეთეს და თითქმის ყველა შეცდომა შვეიცარიელებმა გოლით დაასრულეს. კარგია ისიც, რომ უგო ლორისმა პენალტი მოიგერია, როდესაც ანგარიში 0:1 იყო“.

მბაპემ დაბალი ქულა მიიღო Maxifoot-სგან – 4 ქულა 10-ბალიან სისტემაში. ნაკლები მხოლოდ მცველებს დაუწერეს – კლემან ლანგლეს (2), პრესნელ კიმპემბეს (3) და ბენჯამინ პავარის (3).

L’Equipe-მ წაგება მოკლე ფრაზაში ახსნა:

„წარმოუდგენელი წარუმატებლობა, რომელიც იყო სასჯელი მატჩის დროს დაკარგული სოლიდურობისა და მწვრთნელის დაუსაბუთებლად სარისკო გადაწყვეტილებებისთვის“.