ფრანგული მედია - ზურიკო დავითაშვილმა სარფიან წინადადებაზე უარი თქვა #1TVSPORT
France Bleu Gironde-ის გადაცემაში „100% ჟირონდისტები“ ჟურნალისტმა კლემენტ კარპენტიემ ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა, რომლის „ბორდოდან“ წასვლასაც სატრანსფერო „ფანჯრის“ დასრულებამდე ელოდნენ.
„როგორც ჩანს, მოთამაშეს „ბორდოს“ დატოვება არ სურს. ეს არ არის ცუდი მისი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, თუმცა გასულ ზაფხულს უფრო მაღალი ფასი ჰქონდა და მომავალ ზაფხულსაც შეიძლება ისევ გაიზარდოს. კარგია, რომ „ბორდოს“ შემადგენლობაშია და ცდილობს, თავი გამოიჩინოს, როგორც ეს „ანჟერთან“ მოხდა, სადაც გოლი გაიტანა“, – ამბობს კლემენტ კარპენტიე.
გამოცემა Girondins4ever-ი კი წერს, რომ ზურიკო დავითაშვილმა სარფიან შემოთავაზებაზე უარი თქვა.
„ზურიკო დავითაშვილი იყო იანვრის შუა რიცხვებში შედგენილ სატრანსფერო სიაში, რომელშიც წასვლის დიდი შანსის მქონე ფეხბურთელები დაასახელეს. ზურიკო დავითაშვილი, შესაძლოა, ჟირონდაში კიდევ ექვსი თვით მაინც დარჩეს. „ანჟერთან“ მატჩის შემდეგ ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოში“ დარჩენის სურვილი გამოთქვა. ქართველმა ფეხბურთელმა უარი თქვა უცხოური კლუბის შემოთავაზებაზე, რომლის ვინაობაც არ დააკონკრეტა.
რა თქმა უნდა, „ბორდოსთვის“ ფინანსების საკითხი მნიშვნელოვანია. იმედია, კლუბის მენეჯერებს ასევე აქვთ სურვილი, რომ სეზონის მეორე ნახევარში გუნდი გაძლიერდეს და ჩემპიონატი კარგად დაასრულოს. გვინდა, ეს დავიჯეროთ“, – წერს ფრანგული გამოცემა.