ფრანგული მედია - „მონაკომ“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო #1TVSPORT
ფრანგული მედია - „მონაკომ“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო #1TVSPORT

„მონაკომ“ ამსტერდამის „აიაქსთან“ გიორგი მიქაუტაძის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო, – ინფორმაციას RMC Sport-ი და Foot Mercato ავრცელებენ.

მიქაუტაძისთვის, რომელიც 2023 წლის ზაფხულში „მეციდან“ ამსტერდამის „აიაქსში“ გადავიდა, სეზონი ორი განსხვავებული ნაწილისგან შედგებოდა. ნიდერლანდურ კლუბში მეორეხარისხოვანი ფიგურა იყო, მაგრამ „მეცში“ დაბრუნების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა გაიბრწყინა.

საფრანგეთის ლიგა 1-ში მიქაუტაძემ 13 გოლი გაიტანა. მან გუნდს საუკეთესოთა შორის ადგილის შენარჩუნების შანსი მისცა. ლასლო ბოლონის გაწვრთნილები პლეი ოფის მატჩებს „სენტ ეტიენთან“ 30 მაისს და 2 ივნისს გამართავენ.

RMC Sports-ი ამტკიცებს, რომ „მონაკომ“ ფეხბურთელთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. მონაკოელთა თავდამსხმელი ვისამ ბენ იედერი ზაფხულში გუნდიდან წავა და მისი შემცვლელის მიყვანა ახლა პრიორიტეტულია.

Foot Mercato ამ გარიგების ფინანსურ დეტალებს აჟღერებს. „მონაკოს“ 15-20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. გიორგი მიქაუტაძის შეძენით ასევე ინტერესდებიან ლიგა 1-ისა და პრემიერლიგის სხვა გუნდებიც.