ფრანგული მედია - „მეცმა“ მიქაუტაძე „ლაციოში“ 15 მილიონადაც არ გაუშვა, ქართველი უკვე უკმაყოფილოა #1TVSPORT
იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთმა ლიდერმა, „ლაციომ“ გიორგი მიქაუტაძის საფასურად „მეცს“ 15 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ფრანგულ კლუბს ესეც ეცოტავა, ამან კი ქართველი თავდამსხმელის უკმაყოფილება გამოიწვია, – ინფორმაციას letsgometz-ი ავრცელებს.
„გიორგი მიქაუტაძეზე იტალიელების ახალი შეთავაზება „მეცმა“ ისევ უარყო. „ლაციომ“ კლუბს ქართველ თავდამსხმელში 15 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ეს თანხა არასაკმარისად ჩათვალეს. ამან ქართველის უკმაყოფილება გამოიწვია.
„მეცში“ საზაფხულო საპნის ოპერა გრძელდება. ინგლისური „ბარნლისთვის“ ნთქვამი უარის შემდეგ, ფრანგულმა კლუბმა უარყო გიორგი მიქაუტაძის ახალი სატრანსფერო შესაძლებლობა. ჩვენი ინფორმაციით, „ლაციომ“ ქართველ თავდამსხმელზე 15 მილიონი ევროს შემოთავაზება გააკეთა.
ეს იყო „ბარნლის“ შემოთავაზებულის ანალოგიური თანხა, მაგრამ „მეცი“ ამას არ თანხმდება და კვლავ კატეგორიულად ითხოვს, რომ თავისი ცენტრალური თავდამსხმელით დაინტერესებულმა კლუბმა, მინიმუმ, 20 მილიონი ევრო გადაიხადოს.
გიორგი მიქაუტაძეს „მეცში“ კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა დიდად არ ხიბლავს. გუნდის მიერ ახალი შემოთავაზების უარყოფა კი ფეხბურთელისთვის ძალიან მტკივნეული უნდა იყოს, რადგან ქართველი ფეხბურთელი ახალ სეზონში თავს იტალიაში ხედავს.
თუმცა, „მეცი“ თავის ცენტრფორვარდს ადვილად არ დათმობს. კლუბის მიერ 2022 წელს ტრანსფერებზე მოლაპარაკების დროს გამოვლენილი მოუქნელობა ამაზე მიუთითებს. კლუბის პრეზიდენტმა პიერ დრეოსიმ კი ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ „მეცს“ დაუკავშირდა 2-3 კლუბი, რომლებიც ლიგა 2-ის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშით იყვნენ დაინტერესებულნი“, – წერს ფრანგული გამოცემა.