ფრანგული გამოცემა - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის გიგანტებთან უნდა დაამტკიცოს, რომ სწრაფად განვითარებადი სარაგბო ქვეყანაა #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის გიგანტებთან უნდა დაამტკიცოს, რომ სწრაფად განვითარებადი სარაგბო ქვეყანაა #1TVSPORT

რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოცემა rugbyrama ჩემპიონატის მონაწილეების შესახებ სტატიებს აქვეყნებს, ამჯერად მათ ყურადღება საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს დაუთმეს.

 

„ევროპული რაგბის განვითარებადი ქვეყანა საქართველო, რაგბის 2023 წლის მსოფლიო თასზე ალბათ ისტორიაში საუკეთესო შემადგენლობით წარსდგება.

საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასზე დებიუტი 2003 წელს ჰქონდა, წლეულს კი მისთვის მეექვესე ჩემპიონატია. წინა ხუთ ტურნირზე „ბორჯღალოსნები“ ჯგუფიდან ვერ გავიდნენ. საქართველოს ნაკრებში შესანიშნავი თაობა მოვიდა, რომელიც საფრანგეთში სამი თამაშის მოგებას და მეოთხედფინალში გასვლას შეეცდება, რითიც თავის წინა შედეგს გააუმჯობესებს – 2015 წლის მსოფლიო თასზე ქართველებმა ორი თამაში მოიგეს.

საქართველოს ნაკრებმა თამასა მაღლა ასწია. 2022 წელს გუნდმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ამას გარდა ორი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა ექვსი ერის გუნდებთან – საკუთარ მოედანზე დაამარცხა იტალიის ნაკრები (28:19) და რაც ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, კარდიფში დაძაბულ ბრძოლაში სძლია უელსს (13:12).

ევროპაში დაუმარცხებელმა საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის გიგანტებთან თამაშისას უნდა დაამტკიცოს, რომ სწრაფად განვითარებადი სარაგბო ქვეყანაა.

ამ მიზნის მისაღწევად „ბორჯღალოსნებს“ მათი კაპიტანი მერაბ შარიქაძე გაუძღვება. ის გუნდის ნამდვილი ლიდერია, რომელსაც ნაკრებში 91 თამაში აქვს ჩატარებული. „ორიაკის“ ყოფილი მოთამაშე (2014-20 წლებში) სამშობლოში დაბრუნდა და ქართული ფრენჩაიზის, „შავი ლომის“ წევრია. ის გამოირჩევა ფიზიკური მომზადებით და ასევე კარგად შეუძლია ბურთის ხელით წაღება.

საქართველოს ნაკრების წევრია გასული წლის ნამდვილი აღმოჩენა დავით ნინიაშვილი, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია. ფრანგული „ლიონის“ მოთამაშე ყველას ხიბლავს თავისი სისწრაფითა და თამაშის სტილით, მაგრამ ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში ბევრი გაუცდა, ახლა მალე უნდა აღიდგინოს ფორმა და მსოფლიო თასს მზადყოფნაში შეხვდეს, რათა საერთაშორისო დონეზე ძველებურად დაბრუნდეს“.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები C ჯგუფში პირველ შეხვედრას 9 სექტემბერს ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარებს, 23 სექტემბერს „ბორჯღალოსნები“ პორტუგალიას ეთამაშებიან, 30 სექტემბერს – ფიჯის, ხოლო 7 ოქტომბერს – უელსს.