ფრანგული გამოცემა - მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ მიქაუტაძემ ქომაგებს თავი სწრაფად შეაყვარა #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა - მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ მიქაუტაძემ ქომაგებს თავი სწრაფად შეაყვარა #1TVSPORT

„ლიონის“ ქართველ თავდამსხმელზე, გიორგი მიქაუტაძეზე სტატიას გამოცემა Olympique-et-lyonnais-ი აქვეყნებს.

„გიორგი მიქაუტაძე „ლიონში“ ჯერჯერობით თავდაჯერებული არ არის. ლიგა 1-ში გუნდი მერვე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას ოთხი ქულა აშორებს. გუნდმა ამ წარმატებას იმ დროს მიაღწია, როცა მათი თავდამსხმელები სირთულეებს განიცდიან.

ლიგა 1-ში შვიდი ტურია გასული, მაგრამ ალექსანდრ ლაკაზეტსა და გიორგი მიქაუტაძეს ჯერ გოლი არ გაუტანიათ. კაპიტანმა მხოლოდ ევროპა ლიგაზე მოახერხა თავის გამოჩენა, ქართველის „მშრალი“ მატჩები კი გრძელდება. მიქაუტაძემ ვერც ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დროს შეძლო შედეგიანი თამაში – საქართველოს ნაკრებმა ორი თამაში ისე წააგო, რომ გოლი არ გაუტანია.

18 მილიონ ევროდ შეძენილი ფეხბურთელს, რომლისგანაც ლაკაზეტთან დუეტში დიდ წარმატებას ელოდენენ, რთული პერიოდი უდგას. თუმცა „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, პიერ საჟმა RMC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საგანგაშო არაფერია და მიქაუტაძე გუნდს თანდათან ეგუება.

ქართველმა თავდამსხმელმა პირველ ტურში „რენთან“ პენალტი ვერ გამოიყენა. რომ არა ეს ეპიზოდი, შესაძლოა, სრულიად განსხვავებული ეფექტი ჰქონოდა. სექტემბრის დასაწყისიდან საკმაოდ შეზღუდული სათამაშო დროის (130 წუთი) მიუხედავად, „მეცის“ ყოფილი მოთამაშე მაინც ახერხებს სახიფათო მომენტების შექმნას.

Opta-ს სტატისტიკით, მიქაუტაძეს ექვსი გოლის გატანა შეეძლო, მას ნდობა სჭირდება. ვიცით, როგორ „იხსნებიან“ ფორვარდები – წარმატებული პერიოდის დასაწყებად ხშირად ერთი გოლია საჭირო, რის შემდეგაც ფეხბურთელი უფრო თავდაჯერებული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გოლები არ გაუტანიათ, ლაკაზეტი და მიქაუტაძე კრიტიკას არ იმსახურებენ.

მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ ქართველმა გულშემატკივრებს თავი სწრაფად შეაყვარა. ქართველი ფეხბურთლის პრობლემა მის მიმართ ზედმეტი ყურადღებაცაა. გულშემატკივრებს უნდათ მაისურები, მატჩების ბილეთები, მათ მოთხოვნებზე პასუხი კი დიდ ენერგიას მოითხოვს. ის კარგი ბიჭია, არ სურს, უყურადღებოდ დატოვოს ქომაგები, მაგრამ წარმატების მისაღწევად მოუწევს, რაღაცებზე უარის თქმა ისწავლოს“, – წერს ფრანგული გამოცემა.