ფრანგული გამოცემა - „მეცმა“ 15 მილიონ ევროზე უარი თქვა, რადგან მიქაუტაძე მათთვის ბევრად ფასეული ფეხბურთელია #1TVSPORT
ფრანგულმა გამოცემამ, So Foot-მა გიორგი მიქაუტაძეზე წერილი გამოაქვეყნა და საფრანგეთის ლიგა 1-ში მისი თამაშის გაგრძელების შესაძლებლობა განიხილა.
„ლიგა 2-ის ბომბარდირობა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება ნიშნავს, რომ მიქაუტაძემ მომავალ სეზონში დიდი მოლოდინები უნდა გაამართლოს. არიან ფეხბურთელები, რომლებიც წარმატებული სეზონის შემდეგ თავის კლასს მაღალ დონეზე თამაშითაც ადასტურებენ, მაგრამ უმეტესობას ამ ტვირთთან გამკლავება უჭირს. ასე რომ, ახალ სეზონში მიქაუტაძეს ბევრი რამ ექნება დასამტკიცებელი.
„მეცი“ ლიგა 1-ში დაბრუნდა, რაშიც უდიდესი წვლილი ლიგა 2-ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირსა და სეზონის საუკეთესო მოთამაშეს, გიორგი მიქაუტაძეს მიუძღვის. კლუბს ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერზე ბევრმა მიმართა, მაგრამ „მეცის“ ხელმძღვანელებისთვის არცერთი წინადადება არ აღმოჩნდა მიმზიდველი.
მიქაუტაძე ახალი სეზონისთვის სრული დატვირთვით ემზადება. საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირებიდან ლიგა 1-ში 10-გოლიანი ნიშნული ბევრმა ვერ გადალახა. ლიგა 1-ის ახალი სეზონი 13 აგვისტოს დაიწყება და ვნახოთ, იქნება თუ არა მიქაუტაძე გამონაკლისი. მას რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს.
„23 გოლით მიქაუტაძე ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტული დაიმსახურა. იმავე ტიტულის ლიგა 1-ში მოპოვება ძალიან რთულია მარტივი მიზეზით – გუნდი, რომელიც დომინირებს ლიგა 2-ში, ხშირად მთავარ ლიგაში აუტსაიდერია, თავდამსხმელიც სულ სხვა დონის მცველებს ეთამაშება, კლასში დიდი სხვაობაა“, – ამბობს სედრიკ ფორე, ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი 2002/2003 და 2011/2012 წლების სეზონებში.
ლიგებს შორის დონის სხვაობაზე ერთი ფაქტი მიუთითებს – კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ლიგა 1-ის 55 მოთამაშე მონაწილეობდა, ხოლო ლიგა 2-იდან – მხოლოდ ორი.
ის ფაქტი, რომ „მეცმა“ „ლაციოსა“ და „ბარნლის“ მიერ შეთავაზებულ 15 მილიონ ევროზე უარი თქვა, იმაზე მეტყველებს, რომ მიქაუტაძე გუნდისთვის ბევრად ფასეულია მოთამაშეა“, – წერს ფრანგული გამოცემა.