ფრანგული გამოცემა - „მეციდან“ გიორგი მიქაუტაძის წასვლა დადასტურებულია #1TVSPORT
„მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნების შემდეგ პირველი ტურის შეხვედრას 13 აგვისტოს, „რენთან“ გამართავს, მაგრამ ეს უკვე ნაკლებად საინტერესოა ქართველი გულშემატკივრისთვის, რადგან გუნდიდან გიორგი მიქაუტაძის წასვლა გადაწყვეტილია, – ამის შესახებ „მეცის“ გულშემატკივართა საინფორმაციო ვებგვერდი, Socios-fcmetz-ი წერს.
გამოცემის ცნობით, სეზონის დასრულების შემდეგ კლუბი გიორგი მიქაუტაძის შემცვლელს ეძებს, რადგან 22 წლის ქართველი თავდამსხმელის წასვლას „მეცში“ ყველა შეეგუა.
„დიდი ხანია, „მეცს“ ზან ვიპოტნიკის შეძენა სურდა, მაგრამ სლოვენიური „მარიბორის“ თავდამსხმელისთვის ბრძოლა („ბრონდბიუ“, ზაგრების „დინამო“, „სანდერლენდი“, „ბორდო“) „ბორდომ“ მოიგო, რომელმაც მასში სამი მილიონი ევრო გადაიხადა. „მეცი“ კი მზად იყო, მის სანაცვლოდ ორი მილიონი ევრო გაეღო, ეს კი „მარიბორისთვის“ მიუღებელი აღმოჩნდა.
„მეცი“ სლოვენიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის (20 გოლი სეზონში) ტრანსფერს სეზონის დასრულების შემდეგ უმიზნებდა. ახლა დადგა დრო, სხვა ვარიანტები განიხილოს, რათა მიქაუტაძის შეცვლა შესაძლებელი გახდეს, რომლის წასვლაც უკვე დადასტურებულია“, – წერს გამოცემა.