ფრანგული გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს - „ბებერი ქალბატონი“ მოკვდა, გაუმარჯოს კვარას [ვიდეო] #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა sofoot.com-ი გამოეხმაურა „სტადიო მარადონაზე“ „ნაპოლის“ მიერ „იუვენტუსის“ (მეტსახელად „ბებერი ქალბატონი“) განადგურებას (5:1) და მატჩის გმირად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა, რომელსაც ვრცელი წერილი მიუძღვნა.
„ბებერი ქალბატონი“ მოკვდა, გაუმარჯოს კვარას!
მსოფლიო ჩემპიონატის წინ დაშავებული ხვიჩა კვარაცხელია 13 იანვარს „იუვენტუსის“ კარში გატანილი ხუთი გოლიდან ოთხში უშუალოდ მონაწილეობდა. იტალიურ კლუბში გადასვლის შემდეგ ქართველმა ფენომენმა მთელი ნეაპოლი დამუხტა, ქალაქი 33 წელი ელის ჩემპიონობას, ხვიჩა ლუჩანო სპალეტის მიერ შექმნილი ბრწყინვალე გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.
კვარაცხელიამ „იუვენტუსთან“ გაიბრწყინა
„სტადიო დიეგო მარადონაზე“ აპლოდისმენტების ხმა ძლიერ წვიმას მოგაგონებთ – ის განსაცვიფრებელი და გამაყრუებელია, გონებაში დიდი ხნის განმავლობაში ჟღერს. ხვიჩა კვარაცხელია ფეხზე წამომდგარ ნეაპოლელ მაყურებელს მიესალმა, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს, მისი სახელის სწორად წარმოთქმა ისწავლოს.
მატჩის გმირი, რომელიც ირვინგ ლოზანომ შეცვალა, მოედნიდან ოვაციებით გააცილეს. დიეგო მარადონას სულმა კიდევ ერთხელ ჰპოვა თავშესაფარი ამ ქართველი გენიოსის სხეულში, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სამყარო მის ფეხქვეშ იყოს.
ამას შეიძლება თამამად ეწოდოს ხვიჩას სოლოკონცერტი
30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „იუვენტუსმა“ სერია A-ში ხუთი გოლი გაუშვა – ეს იყო 1993 წლის 30 მაისს, „პესკარასთან“ (5:1). სამი ათწლეულის შემდეგ „ბიანკონერი“ ახალ კოშმარში აღმოჩნდა და ეს „კვარადონას“ დამსახურებაა. „სამპდორიასთან“ და „ინტერთან“ შედარებით სუსტი თამაშის შემდეგ საინტერესო იყო, რამდენად მოახერხა ქართველმა ვარსკვლავმა ძველი სათამაშო ფორმის დაბრუნება, ეს „იუვენტუსთან“ მატჩში უნდა გამოჩენილიყო.
ხვიჩამ გაიბრწყინა თავისი გულშემატკივრების, მათ შორის მისი მშობლიური საქართველოდან თამაშზე ჩასული რამდენიმე ასეული ქომაგის თვალწინ – მან ოთხ გოლში მიიღო მონაწილეობა: პირველი მისი აკრობატული დარტყმის შემდეგ ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა. მეორე გოლი ვოიცეხ შჩესნის თავად გაუტანა. მესამე მის მიერ შესრულებულ კუთხურს მოჰყვა, რომელიც ამირ რაჰმანმა გაიტანა. მეოთხე გოლის დროს ბურთი თავის ნიგერიელ მეგობარს, ვიქტორ ოსიმენს „თავზე დაასვა“. ამას შეიძლება თამამად ეწოდოს ხვიჩას სოლოკონცერტი.
2023 – ნეაპოლი
კვარაცხელიას თამაში მეტოქის დაცვაში გაურკვევლობასა და დისბალანსს იწვევს, მისგან მუდმივად იგრძნობა საფრთხე, რამაც დანილო კინაღამ გააგიჟა. ციფრებიც ამაზე მეტყველებს – სერია A-ს 15 მატჩში 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემა შესანიშნავი შედეგია. ჩემპიონთა ლიგაზე (2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა 5 მატჩში) გამოსვლით „კვარადონა“ წლის აღმოჩენის სტატუსს ადასტურებს.
ნეაპოლსა და მის კავკასიელ მარგალიტს შორის სიყვარული გულწრფელი და ორმხრივია. „ნეაპოლი საოცარი ქალაქია თავისი სილამაზით, ხოლო ნეაპოლელები მშვენიერი ხალხია“, – განაცხადა ხვიჩამ DAZN-თან დეკემბრის ბოლოს მიცემულ ინტერვიუში.
ეს ქალაქი ფეხბურთის სიყვარულით ცხოვრობს. მალე „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ფრანკფურტის „აინტრახტს“ შეხვდება. გუნდში ასევე იმედოვნებენ, რომ აისრულებენ ოცნებას და „სკუდეტოსთვის“ ბრძოლაში კონკურენტებს დაამარცხებენ. სეზონის თითქმის ნახევარი გაილია და „ნაპოლი“ მეტოქეებს 10 ქულით ასწრებს.