ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ - „ლიონსა“ და „მეცს“ შორის მიქაუტაძის ტრანსფერის გამო წარმოქმნილი დავა მოგვარდა #1TVSPORT
ფრანგულმა გამოცემამ, „ეკიპმა“ ოთხშაბათს გაავრცელა ინფორმაცია „მეცსა“ და „ლიონს“ შორის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე წარმოქმნილი დავის შესახებ. ახლა კი, როგორც გაირკვა, კლუბები პრობლემის მოგვარებაზე შეთანხმდნენ.
„23 წლის ქართველი თავდამსხმელი „ლიონში“ ლიგა 2-ში დაქვეითებული „მეციდან“ გადავიდა. დავა იმის გამო წარმოიქმნა, რომ „ლიონს“ სატრანსფერო თანხის პირველი ნაწილი, რვა მილიონი ევრო, პირველ აგვისტომდე უნდა გადაეხადა. თუმცა „მეცმა“ მხოლოდ სამი მილიონი ევრო მიიღო, თანაც დაახლოებით ათი დღის დაგვიანებით.
„მეცის“ ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, „ლიონის“ წინააღმდეგ საფრანგეთის პროფესიულ საფეხბურთო ლიგაში საჩივარი შეეტანა. თუმცა კლუბებმა საერთო ენა გამონახეს და ვითარების მოსაგვარებლად ნაბიჯები გადადგეს.
„ლიონის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი beIN Sports-ის მიერ სატელევიზიო უფლებებისთვის განკუთვნილი თანხის გადახდის დაგვიანება იყო. ახლა კი პრობლემა მოგვარდა და დარჩენილ ხუთ მილიონ ევროს „მეცი“ უახლოეს დღეებში მიიღებს.
სხვა შემთხვევაში, საფრანგთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის იურიდიულ კომისიას შეუძლია, „ლიონს“ სატელევიზიო კონტრაქტიდან განკუთვნილი თანხის ნაწილი დაუბლოკოს, მაგრამ, წესით, საქმე აქამდე აღარ მივა“, – ამტკიცებს „ეკიპი“.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალ სეზონში „ლიონი“ პირველ მატჩს 18 აგვისტოს სტუმრად „რენთან“ გმართავს.