ფრანგული გამოცემა - ბოლო დროს მიძინებული ქართული ფეხბურთი, როგორც ჩანს, მართლაც „გამოფხიზლდა“ #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა - ბოლო დროს მიძინებული ქართული ფეხბურთი, როგორც ჩანს, მართლაც „გამოფხიზლდა“ #1TVSPORT

ფრანგული გამოცემა sofoot-ი ევრო 2023-ზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გამოსვლას გამოეხმაურა.

„პირველ ივლისს თბილისში, „დინამო არენაზე“, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველო ისრაელს დაუპირისპირდება. აუტსაიდერთა დუელი მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ზურიკო დავითაშვილი და მისი თანაგუნდელები „სიკვდილის ჯგუფში“ პირველ ადგილზე გავიდნენ. რა ხდება კავკასიაში? შევეცდებით, გავარკვიოთ.

„როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, ჩვენ უკვე შევქმენით ისტორია“, – ეს სიტყვები საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ბელგიასთან მატჩამდე თქვა. ორი დღით ადრე მისმა გუნდმა ნამდვილი ფურორი მოახდინა – ისტორიაში პირველი მატჩი ჩაატარა 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და პორტუგალიას 2:0 მოუგო.

მომდევნო შეხვედრაში საქართველო ბელგიასთან 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და ქულა გადაარჩინა (2:2), ხოლო სრული სიგიჟის ატმოსფეროში ნიდერლანდებთან (1:1) პლეი ოფის საგზური მოიპოვა. სვანაძის გუნდი „სიკვდილის ჯგუფიდან“ პირველი ადგილით გავიდა.

…2020 წლის 12 ნოემბერს საქართველოს ოცნება დაიმსხვრა: ერთა ლიგის ფინალში „ჯვაროსნები“ გორან პანდევის ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდნენ (0:1) – სწორედ 37 წლის ვეტერანი გავიდა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და არა არანაკლებ ლეგენდარული გურამ კაშია, რომელიც საქართველოს ნაკრების რეკორდსმენია ჩატარებული თამაშების რაოდენობით.

არიან ჭკვიანი ადამიანები, რომლებმაც შეძლეს ქართული ფეხბურთის წინა პლანზე დაბრუნების განჭვრეტა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი: „რა თქმა უნდა, ეს შედეგი გულდასაწყვეტიც იყო და მძიმეც, მაგრამ ამას ასე უნდა შევხედოთ – ჩვენ სწორ გზაზე ვიყავით. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩი ჩატარდა პანდემიის დროს, მაყურებლის გარეშე, მატჩის წინ საქართველოს ნაკრების ორ წამყვან მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდა“.

მართლაც, საქართველო სწორ გზაზეა და მას აქვს გეგმა. 2015 წელს ფეხბურთის ფედერაციამ ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით (საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 100 მატჩი, ხოლო ბუნდესლიგაში – 350-ზე მეტი) რამდენიმე ეტაპად შეიმუშავა „ფეხბურთის განვითარების სტრატეგიული გეგმა“.

ამ გეგმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ასაკობრივი გუნდების სათამაშო სტილისა და ფილოსოფიის გაერთიანებაა, როგორც ეს დიდი ხნის განმავლობაში კეთდებოდა ესპანეთში, 2000 წლიდან კი – ბელგიაში, და ამის შედეგებიც ცნობილია.

2022 წელს საქართველოში დაიწყო გეგმის მეორე ეტაპი, ჰორიზონტზე კი 2026 წელია

„ჩვენი მიზანი დაშვებული შეცდომების გამოსწორებაა“, – აცხადებს იაშვილი, ვინც „ფრაიბურგში“ 255 თამაში ჩაატარა. მან იცის, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა შეზღუდული რესურსით – ამ გზაზე იქნება წარუმატებლობებისა და წარმატების პერიოდებიც. მაგრამ ბოლო დროს მიძინებული ქართული ფეხბურთი, რომელიც სსრკ-ის დროსაც ცნობილი იყო გამორჩეული ფეხბურთელებით, ხოლო 1981 წელს თბილისის „დინამომ“ ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო, როგორც ჩანს, მართლაც „გამოფხიზლდა“.

ხვიჩა, გიორგი, ზურიკო და კომპანია

ამ გამოღვიძების ერთ-ერთი სიმბოლო, რა თქმა უნდა, გასული სეზონის აღმოჩენა ხვიჩა კვარაცხელიაა. არავინ იცოდა, რა ელოდა მას „ნაპოლიში“. ერთი წლის შემდეგ ყველამ დაინახა ხვიჩას გაბრწყინება სერია A-ში და ეს, რა თქმა უნდა, ქართული ფეხბურთისთვის ძალიან კარგი იქნება.

„იტალიაში გადასვლამდე კვარაცხელია უკვე იყო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ მას ცოტა თუ იცნობდა. მისმა წარმატებამ შეიძლება გააჩინოს ევროპული კლუბების დაინტერესება ქართველი ტალანტებისადმი. ის წარმოადგენს თავის ქვეყანას, ისევე როგორც გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მამარდაშვილი და სხვები“, – აცხადებს იაშვილი.

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, დავათაშვილმა ახლახან გააფორმა ახალი კონტრაქტი „ბორდოში“ და ამჟამად 21-წლამდელებთან ერთადაა. მის შესახებ ჰკითხეთ ნიდერლანდელებს, რომელთა დაცვაც ზურიკოს განსაკუთრებული გოლის „მსხვერპლი“ გახდა.

რამაზ სვანაძე და წარმატების ნაყოფი

დავუბრუნდეთ ევროპის ჩემპიონატს. თბილისის დროით 20:00 საათზე საქართველო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩს ატარებს. თავდაპირველად ეს მეოთხედფინალი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე (ტევადობა 27,223) უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ უდიდესი ინტერესის გამო თამაში 54,202-ადგილიან „დინამო არენაზე“ გადაიტანეს და ბილეთები 12 საათში გაიყიდა.

„მოლოდინი დიდია და გვინდა, დავამტკიცოთ, რომ ის გამართლებულია. ჩვენ ვითვლებით ფავორიტებად და ვეცდებით, ეს სტატუსი გავამართლოთ“, – ამბობს რამაზ სვანაძე.

ეჭვგარეშეა, მისი გუნდი კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დგას. აღმავლობის გზაზეა ახალგაზდული ფეხბურთი ისრაელშიც, რომელიც ახლახან 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა.

მოთამაშეთა ეს ჯგუფი დიდი ხანია ერთადაა, ერთი მიზნისთვის გაერთიანებული

„რამაზ სვანაძე ჯერ 19-წლამდელთა მწვრთნელი იყო და შემდეგ 21-წლამდელთა თავკაცად დაინიშნა. ეს გუნდი დიდი ხანია, ერთად მოდის ერთი მიზნით: საკუთარ კედლებში ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოდ გამოვიდეს – ამ გუნდის მებრძოლი სულისკვეთება საოცარია.

ახლა ყველას გონებაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ოთხეულში მოხვედრა და ოლიმპიადის საგზურის მოპოვების ისტორიული შესაძლებლობაა. ჩვენ ვცხოვრობთ ეროვნული ნაკრების დიდ ტურნირზე მოხვედრის სანუკვარი ოცნებით – ეს არის ოცნებაც და მიზანიც.

ასეთი მიზნების გარეშე ფედერაცია ვერ განვითარდება. მიუხედავად რთული ჯგუფისა, ჩვენ გვინდა ევრო 2024-ზე მოვხვდეთ და ამ გზაზე წინ უნდა ვიაროთ“, – აცხადებს ალექსანდრე იაშვილი.

ბოლოს კი მოკლედ უნდა ითქვას: ქართველებმა ევროპა გააფრთხილეს, ხვიჩა კვარაცხელია კი ალბათ მხოლოდ „ჯვაროსნების“ ავანგარდი იყო“, – წერს ფრანგული გამოცემა.