ფრანგების მესამედი და პარიზის მოსახლეობის 40% სკეპტიკურად უყურებს 2024 წლის ოლიმპიადას #1TVSPORT
საფრანგეთის მოსახლეობის 48 პროცენტს გულგრილი დამოკიდებულება აქვს ქვეყანაში ოლიმპიური თამაშების ჩატარების პერსპექტივაზე, – იტყობინება გამოცემა Elabe. დაახლოებით მესამედი(32 პროცენტი) სკეპტიკურად არის განწყობილი 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის მიმართ, კმაყოფილებას კი მხოლოდ 20 პროცენტი გამოხატავს.
ყველაზე სკეპტიკურად სწორედ პარიზის მოსახლეობაა განწყობილი (40%).
ფრანგების უმრავლესობას არ სჯერა, რომ საფრანგეთი შეძლებს უსაფრთხოების სათანადო დონისა (63%) და ტრანსპორტის მუშაობის (58%) უზრუნველყოფას. ამასთან, საფრანგეთის მოქალაქეთა 64 პროცენტს მიაჩნია, რომ ინფრასტრუქტურის მხრივ, პრობლემები არ წარმოიშვება.
ფრანგების თითქმის სამი მეოთხედი (73%) ძალიან მაღალს უწოდებს ბილეთების ფასებს და მხოლოდ 9 პროცენტს მიაჩნია მათი ფასი ხელმისაწვდომად. 68 პროცენტს ოლიმპიადის ორგანიზებისთვის გაწეული ხარჯები გადამეტებულად ეჩვენება, ადეკვატურს კი ამ ხარჯებს მხოლოდ 14 პროცენტი უწოდებს.
ყველაზე დიდი ოპტიმიზმი 2024 წლის ოლიმპიადის მიმართ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ამომრჩევლებმა და საშუალო კლასის წარმომადგენლებმა გამოხატეს.