ფოთის „კოლხეთმა“ ლიდერებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთმა“ ლიდერებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთის“ ადმინისტრაციამ გუნდის ძირითადი ბირთვის რამდენიმე მოთამაშესთან ახალი კონტრაქტები გააფორმა – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

ხელშეკრულებები გაახანგრძლივეს: ლაშა გვალიამ, დავით მეგრელიშვილმა, გიორგი ახალაძემ, დავით ზურაბიანმა, ცოტნე ჩიქოვანმა, ერეკლე ჯიჯავაძემ, ხოლო რაც შეეხებათ დემეტრე გვასალიასა და გიორგი ხარებავას, მათ „კოლხეთთან“ მოქმედი კონტრაქტები აკავშირებდათ და 2024 წლის სეზონშიც შავიზღვისპირელთა შემადგენლობაში იასპარეზებენ.

„კოლხეთის“ პრესსამსახური გუნდის დაკომპლექტებაზე მიმდინარე მოლაპარაკებაზეც წერს: „გუნდის ხელმძღვანელობა მაქსიმუმს აკეთებს ქვეყნის უძველესი კლუბის გასაძლიერებლად. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა პოზიციაზე მოთამაშე ქართველ და უცხოელ ფეხბურთელებთან. მათი ვინაობა, სავარაუდოდ, 15 იანვრისთვის გაირკვევა“.

შეგახსენებთ, რომ ფოთის „კოლხეთმა“ ლიგა 2-ში გაიმარჯვა და ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება ხუთწლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა.