ფოთის „კოლხეთმა“ ახალწვეულები წარადგინა - დავით კვირკველიამ შეკრება შეაფასა #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთმა“ თურქულ შეკრებაზე რამდენიმე მოთამაშე დაიმატა: 21 წლის თავდამსხმელი, გიორგი აბუაშვილი და 21 წლის ნახევარმცველი, დევიდ ვრაჩუ რუმინელი „პეტროლულიდან“, რომელსაც „ბარსელონის“, „რეალისა“ და „ვალენსიის“ სკოლა აქვს გამოვლილი.
ფოთში გააგრძელებს კარიერას საქართველოს ნაკრებსა და „დინამო თბილისში“ ნათამაშები 25 წლის თავდამსხმელი, ვატო არველაძე, „სამტრედიიდან“ მიიწვიეს 24 წლის ნახევარმცველი საბა ფირანაშვილი, წყალტუბოს „სამგურალიდან“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფორვარდი, 22 წლის თავდამსხმელი ლადო ჩიხრაძე, ხოლო შვეიცარული „ივერდონიდან“ – 22 წლის ფრანგი მცველი, ტიამ მახამატი.
გუნდი თურქული შეკრებიდან საქართველოში დაბრუნდა. მთავარმა მწვრთნელმა დავით კვირკველიამ შეკრება შეაჯამა:
„ბელეკში და სიდეში ვემზადებოდით, სადაც სავარჯიშოდ იდეალური პირობები გვქონდა. ამან სამწვრთნელო შტაბს საშუალება მოგვცა, მოსამზადებელი პროცესი ნაყოფიერად გამოგვეყენებინა. გუნდში ახალი ფეხბურთელების დამატების შემდეგ კონკურენციამ მოიმატა, რაც ნებისმიერი ამბიციური გუნდისთვის საჭიროა.
როგორც დაგეგმილი იყო, ინტენსიურ და, რაც მთავარია, სწორ მუშაობას დადებითი შედეგი მოჰყვა – „კოლხეთმა“ შეკრების დასკვნით ეტაპზე ზედიზედ სამი საკონტროლო მატჩი მოიგო“, – განაცხადა დავით კვირკველიამ.