გორთან ახლოს, ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავტოავარიაზე პირველ არხს ფოთის “კოლხეთის” ფეხბურთელი ლაშა გურგენიძე ესაუბრა.
ფეხბურთელი შემთხვევის დროს ავტომანქანაში იმყოფებოდა.
„ხუთი ფეხბურთელი ფოთში ვარჯიშზე მივდიოდით. მე ჩაძინებული ვიყავი, როდესაც გორამდე დაახლოებით ცხრა კილომეტრში, ხმებმა გამომაღვიძა. მანქანა მოსრიალდა, ინერციით მინისკენ გამაქანა და თავით გავამტვრიე. დაახლოებით 15 მეტრის იქით, ბალახებში აღმოვჩნდი. როგორც გავიგე, 10 წუთი გონება მქონდა დაკარგული და როცა გონზე მოვედი, მანქანა ხრამში დავინახე – ის მთლიანად დაფლეთილი იყო. ვერ ვხდები, როგორ გადავრჩით. სიკვდილს თვალებში ჩავხედე. მერე გორის საავადმყოფოში წაგვიყვანეს, 3 ფეხბურთელი უკვე გამოგვწერეს, ორი კი ადგილზე რჩება. ერთს, არქანიას ხელი აქვს მოტეხილი, ხოფერიას კი სიფრთხილის გამო ხვალამდე გაჩერება ურჩიეს”, – ამბობს ლაშა გურგენიძე.
საფეხბურთო კლუბ ფოთის „კოლხეთის“ ხუთი ფეხბურთელი დაშავდა გორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ავარია ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.
მომხდარის შედეგად, დაიღუპა ავტომანქანის მძღოლი. თვითმხილველების განცხადებით, ავტომანქანა, რომლითაც ფეხბურთელები მგზავრობდნენ, ბორდიურს შეეჯახა.