ფორმულა 1-ში სეზონის პირველი სპრინტი სერხიო პერესმა მოიგო #1TVSPORT
ფორმულა 1-ში სეზონის პირველი სპრინტი სერხიო პერესმა მოიგო #1TVSPORT

აზერბაიჯანში სეზონის პირველი სპრინტული რბოლა გაიმართა, რომელიც „რედ ბულის“ მექსიკელი პილოტის, სერხიო პერესის გამარჯვებით დასრულდა.

დილით გამართული კვალიფიკაციის შედეგებით, მექსიკელი სპრინტულ რბოლას მეორე პოზიციიდან იწყებდა, პირველ ადგილზე „ფერარის“ მონეგასკი პილოტი, შარლ ლეკლერი იდგა, ხოლო სეზონის ლიდერი, მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) ბრძოლას მესამე ადგილიდან იწყებდა.

სერხიო პერესმა „ფერარის“ ჩამოტოვება მეშვიდე წრეზე მოახერხა და საბოლოოდ რბოლა დამაჯერებლად მოიგო. ლეკლერი მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ფერსტაპენი – მესამეზე.

სპრინტის პირობებში მრბოლელებს 100 კმ-იანი დისტანციის დაფარვა უწევთ. პირველ ადგილზე გასული რვა ქულას იღებს და ასე თანმიმდევრობით მერვე ადგილის ჩათვლით. მერვეზე გასული მრბოლელი ერთი ქულის მფლობელი ხდება ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში. სპრინტს არანაირი გავლენა არ აქვს კვირას გასამართ მთავარ რბოლაზე.

აზერბაიჯანში გამართულ სპრინტში ქულები ასე გადანაწილდა:

1.სერხიო პერესი („რედ ბული“) – 8 ქულა
2. შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 7 ქულა
3. მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 6 ქულა
4. ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 5 ქულა
5. კარლოს საინსი (“ფერარი“) – 4 ქულა
6. ფერნანდო ალონსო (“ასტონ მარტინი“) – 3 ქულა
7. ლუის ჰემილტონი (“მერსედესი“) – 2 ქულა
8. ლენს სტროლი („ასტონ მარტინი“) – 1 ქულა