ბოლო პერიოდში, ავტოსპორტის სამყაროში ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მომავალში ფორმულა 1 შეიძლება ელექტროძრავებზე გადავიდეს, მაგრამ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა განაცხადა, რომ ეს არ მოხდება.
„მომავალში ფორმულა 1 ელექტროძრავებზე გადავა? ეს სისულელეა. ეს არ მოხდება. ჩვენ ვლაპარაკობთ ორ სრულიად სხვადასხვა სერიაზე. ფორმულა E-ს მანქანებს არ შეუძლიათ ისეთივე სიჩქარე განავითარონ, როგორც ფორმულა 1-ის ბოლიდებს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ფორმულა E-ს ეტაპები ქალაქებში იმართება. საინტერესო არ არის ამ რბოლების ჩატარება ისეთ ტრასაზე, როგორიცაა, მაგალითად, მონცა. არასწორია ფორმულა 1-სა და ფორმულა E-ს შედარება. თუმცა, ეს სერია შესანიშნავად ვითარდება. ჩვენ ის ოთხი წლის წინ ჩავუშვით და მაშინ ორი მანქანა იყო საჭირო 45-წუთიანი რბოლის ჩასატარებლად. ახლა კი ერთი მანქანით შეიძლება რბოლის დისტანციის გავლა. ეს აჩვენებს, რომ ავტოსპორტი შეიძლება იყოს არა მხოლოდ შოუ, არამედ ლაბორატორიაც. მაგრამ, უბრალოდ, მოსაწყენია ფორმულა E-სა და ფორმულა 1-ის შედარება“, – განაცხადა ტოდტმა.