ფორმულა 1-ში დიდი ცვლილებები იგეგმება #1TVSPORT
ფორმულა 1-ში დიდი ცვლილებები იგეგმება #1TVSPORT

ფორმულა 1-ში „რედ ბულის“ ახალი ბოლიდის წლევანდელ პრეზენტაციაზე იგეგმებოდა „ფორდისა“ და „რედ ბულის“ პარტნიორობის შესახებ განცხადების გაჟღერება. თუმცა ეს ამბავი იტალიურ მედიაში დროზე ადრე გავრცელდა. ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ ფორმულა 1-ის ბოსი სტეფანო დომინიკელი და „ფორდის“ აღმასრულებელი დირექტორი ბილ ფორდი იძულებულები გახდნენ, სიახლე საჯაროდ დაედასტურებინათ. საუბარია 2026 წლიდან დაგეგმილ პარტნიორობაზე, რომლის მიხედვითაც, „რედ ბულის“ ძრავებზე „ფორდი“ იმუშავებს.

ბოლო წლებში ავსტრიელებთან „ჰონდა“ თანამშრომლობდა, თუმცა მათი კონტრაქტი 2025 წელს იწურება. იაპონურმა კომპანიამ ფორმულა 1-იდან გასვლის შესახებ ჯერ კიდევ 2020 წელს განაცხადა. შეგახსენებთ, რომ „რედ ბულმა“ და „ჰონდამ“ ორ-ორჯერ მოიგეს კონსტრუქტორთა და მრბოლელების მსოფლიო ჩემპიონატი.

არახალია ის ფაქტი, რომ 2026 წლიდან ფორმულა 1-ში რეგლამენტი მკვეთრად იცვლება. მისი ხელმძღვანელობის მიზანია, რომ 2030 წლისთვის ბოლიდებში ნახშირბადის გამონაბოლქვი ნულამდე დაიყვანოს. ამ მიზნის მისაღწევად პირველი ნაბიჯები სწორედ 2026 წელს გადაიდგმება, როდესაც დავემშვიდობებით 1.6-ლიტრიან 8-ცილინდრიან ჰიბრიდულ ტურბო ძრავებს.

როგორც ცნობილია, ახალი ძრავების ელექტროკომპონენტი ამჟამინდილზე სამჯერ ძლიერი იქნება. ასევე მკვეთრად გაიზრდება სამუხრუჭე ენერგიაც. შეიძლება იმის თქმა, რომ 2026 წელს ფორმულა 1-ში ახალი საკმაოდ საინტერესო ეტაპი იწყება. მოსალოდნელ ცვლილებებს მრავალი ადამიანი სკეპტიკურად უყურებს, თუმცა მას ასევე არაერთი მომხრე ჰყავს. ასეა თუ ისე, რეგლამენტის ცვლილება უკვე გადაწყვეტილია და მხოლოდ დეტალებია დასაზუსტებელი.

ახალ ძრავებზე გადასვლა „ფორდის“ შემოსვლას ერთი-ორად უფრო საინტერესოს ხდის.  თითქმის ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკლები F1-იდან წავიდნენ. „ფორდის“ მდიდარი ისტორია შორეული 1960-იანი წლებიდან იწყება. სწორედ 60-70-იანი წლები იყო ყველაზე წარმატებული ამერიკელებისთვის. აღსანიშნავია „ფორდის“ თანამშრომლობა ბრიტანულ საინჟინრო კომპანია cosworth-თან, რომელთან ერთადაც მან 1967-დან 1984 წლამდე 155 გამარჯვება მოიპოვა და 262-ჯერ იყო პოდიუმზე. „ფორდის“ პირველი წარმატება 1968 წელს გრაჰამ ჰილს და „ლოტუსს“ უკავშირდება, ხოლო უკანასკნელი წარმატება ლეგენდარულ მაიკლ შუმახერს და „ბენეტონს“ – 1994 წელს.

მათ გარდა, „ფორდს“ არაერთი ლეგენდარული ჩემპიონი ჰყავს. ჯეკი სტიუარტი „ფორდის“ ძრავით აღჭურვილი ბოლიდით სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ემერსონ ფიტიპალდი – ორჯერ,  მარიო ანდრეტი და ნელსონ პიკე – თითოჯერ.

„ფორდი“ ფორმულა 1-ის ყველა დროის ყველაზე წარმატებულ ძრავის მწარმოებლებს შორის მესამე ადგილზეა და მხოლოდ „მერსედესსა“ და „ფერარის“ ჩამორჩება. „ფორდის“ ძრავით აღჭურვილ მანქანას ათჯერ აქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი კონტრუქტორებს შორის და ცამეტჯერ – მრბოლელებს შორის.

თემურ სურგულაძე