ფორმულა 1-ში ახალი სეზონი ფერსტაპენის 55-ე მოგებით გაიხსნა #1TVSPORT
ფორმულა 1-ში სტარტი აიღო 2024 წლის ჩემპიონატმა და სეზონის პირველი გრანპრი ბაჰრეინში საჰირის ავტოდრომზე მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, მაქს ფერსტაპენმა მოიგო, ხოლო მისმა გუნდმა „რედ ბულმა“ დუბლი შეასრულა.
სტარტზე ფერსტაპენმა დამაჯერებლად შეინარჩუნა პირველი პოზიცია და მაშინვე ერთი წამით ჩამოიტოვა შარლ ლეკლერი. ამ უკანასკნელის გასწრება სცადა ჯორჯ რასელმა, მაგრამ „მერსედესის“ პილოტს არაფერი გამოუვიდა. სამაგიეროდ, რბოლის სტარტზე წარმატებული იყო სერხიო პერესი, რომელმაც კარლოს საინსს გაუსწრო მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში.
მესამე წრეზე რასელმა მაინც შეძლო ლეკლერის გასწრება და მეორე ადგილზე გადავიდა. მერვე წრეზე „ფერარის“ პილოტს პერესმაც გაუსწრო და TOP 3-ში შევიდა, რის შემდეგაც დაიწყო შეტევის მომზადება რასელის წინააღმდეგ. თუმცა პერესი მეორე ადგილზე უბრძოლველად, კერძოდ, პიტსტოპების პირველი სერიის შემდეგ გადავიდა. მოგვიანებით მესამე ადგილისთვის ბრძოლაში რასელს საინსმაც გაუსწრო და სიტუაცია რბოლაში საბოლოოდ დასტაბილურდა – 32-ე წრიდან მოყოლებული, როცა პიტსტოპების მეორე სერია დაიწყო, ფინიშამდე პილოტებს შორის პოზიციის ცვლილება არ მომხდარა.
ფინიშამდე სამი წრით ადრე პერესი ფერსტაპენს უკვე 20 წამით ჩამორჩებოდა, საინსი კი ინარჩუნებდა სტაბილურ 12-წამიან უპირატესობას თანაგუნდელთან. ნორისმა სცადა რასელის დაწევა, მაგრამ თანამემამულეს მხოლოდ წამ-ნახევრის მანძილზე მიუახლოვდა.
ფერსტაპენმა კარიერაში 55-ე რბოლა მოიგო. გარდა ამისა, კარიერაში მეხუთე „დიდი სლემი“ შეასრულა. პილოტი „დიდ სლემს“ აღწევს მაშინ, როცა ერთი სარბოლო უქმეების განმავლობაში ახერხებს პოულის მოპოვებას, იგებს რბოლას, ლიდერობს სტარტიდან ფინიშამდე და აფიქსირებს წრეზე საუკეთესო დროს. ფერსტაპენი კარიერაში „დიდი სლემების“ რაოდენობით ლეგენდარულ მიხაელ შუმახერს გაუთანაბრდა.
მომდევნო რბოლა ერთ კვირაში საუდის არაბეთში, ჯიდას ავტოდრომზე გაიმართება.
ბაჰრეინის გრანპრი
საჰირი. 57 წრე, 308.238 კმ
- მაქს ფერსტაპენი (Red Bull, ნიდერლანდები) – 1:31.44,742
- სერხიო პერესი (Red Bull, მექსიკა) – +22,457
- კარლოს საინსი (Ferrari, ესპანეთი) – +25,110
- შარლ ლეკლერი (Ferrari, მონაკო) – +39,669
- ჯორჯ რასელი (Mercedes, ბრიტანეთი) – +46,788
- ლანდო ნორისი (McLaren, ბრიტანეთი) – +48,458
- ლუის ჰემილტონი (Mercedes, ბრიტანეთი) – +50,324
- ოსკარ პიასტრი (McLaren, ავსტრალია) – +56,082
- ფერნანდო ალონსო (Aston Martin, ესპანეთი) – +74,887
- ლენს სტროლი (Aston Martin, კანადა) – +93,216
- გუანიუი ჟოუ (Sauber, ჩინეთი) – 1 წრე
- კევინ მაგნუსენი (Haas, დანია) – 1 წრე
- დანიელ რიკარდო (RB, ავსტრალია) – 1 წრე
- იუკი ცუნოდა (RB, იაპონია) – 1 წრე
- ალექს ალბონი (Williams, ტაილანდი) – 1 წრე
- ნიკო ჰიულკენბერგი (Haas, გერმანია) – 1 წრე
- ესტებან ოკონი (Alpine, საფრანგეთი) – 1 წრე
- პიერ გასლი (Alpine, საფრანგეთი) – 1 წრე
- ვალტერი ბოტასი (Sauber, ფინეთი) – 1 წრე
- ლოგან სარჯენტი (Williams, აშშ) – 2 წრე
საერთო ჩათვლა
- მაქს ფერსტაპენი – 26 ქულა (1 მოგება)
- სერხიო პერესი – 18
- კარლოს საინსი – 15
- შარლ ლეკლერი – 12
- ჯორჯ რასელი – 10
- ლანდო ნორისი – 8
- ლუის ჰემილტონი – 6
- ოსკარ პიასტრი – 4
- ფერნანდო ალონსო – 2
- ლენს სტროლი – 1
კონსტრუქტორთა თასი
- რედ ბული – 44 ქულა
- ფერარი – 27
- მერსედესი – 16
- მაკლარენი – 12
5. ასტონ მარტინი – 3