„ფორმულა 1“ შესაძლოა აფრიკის კონტინენტზე დაბრუნდეს
„ფორმულა 1“ შესაძლოა აფრიკის კონტინენტზე დაბრუნდეს

„ფორმულა 1“-ის კომერციულმა დირექტორმა შონ ბრატჩესმა განაცხადა, რომ მაროკო ძალიან დაინტერესებულია სამეფო რბოლებით და მზად არის, მომავალში მარაკეშის გრანპრი გამართოს. ერთ-ერთი ეტაპის მასპინძლობის სურვილი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამაც გამოთქვა.

„ჩვენ რბოლებს 5 კონტინენტზე ვატარებთ. კალენდარში მხოლოდ აფრიკა არ გვყავს. ცოტა ხნის წინ მაროკოდან დაგვიკავშირდნენ და მარაკეშში გრანპრის გამართვის სურვილი დააფიქსირეს. ამით ჩვენც ვართ დაინტერესებული. აფრიკაში დაბრუნება „ფორმულა 1“-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბრატჩესმა.

მაროკოსაც და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასაც აქვთ სამეფო რბოლების მასპინძლობის გამოცდილება. 1958 წელს „ფორმულა 1“-ის ერთ-ერთი ეტაპი კასაბლანკაში გაიმართა. გასული საუკუნის 60-იან წლებში სამხრეთ აფრიკის ქალაქ ისთ ლონდონშიც (East London) ჩატარდა რბოლა. 1967-დან 1993 წლამდე კი კიალამის ისტორიულ ტრასაზე არაერთი დასამახსოვრებელი ეტაპი შედგა.

„კიალამის გრანპრის მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა სამეფო რბოლებში, თუმცა როგორც ვიცი, ეს ეტაპი კალენდრიდან პოლიტიკური მოვლენების გამო ამოიღეს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან ნაყოფიერ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და იმედი გვაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ“, – აღნიშნა „ფორმულა 1“-ის კომერციულმა დირექტორმა.