„ფორმულა 1“-ის სპორტული დირექტორი, ცნობილი სპეციალისტი როს ბრაუნი „ფერარიში“ შექმნილ სიტუაციას „პოტენციურად ფეთქებადს“ უწოდებს. ბრაუნის სიტყვები მოჰყავს „სამეფო რბოლების“ პრესსამსახურს:
„მათ გუნდში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ჰყავთ, რომელიც პელოტონის ერთ-ერთ საუკეთესო პილოტად რჩება – მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ სეზონზე ძალიან ბევრს ცდებოდა. მათ ასევე ჰყავთ დაუჯერებლად ნიჭიერი შარლ ლეკლერი. ბოლოს და ბოლოს, შეუძლებელია მოიგო ზედიზედ ოთხი პოული, გაიმარჯვო სპასა და მონცას ლეგენდარულ ტრასებზე, თუ შენ არ ხარ ამომავალი ვარსკვლავი.
ეს პოტენციურად ფეთქებადი კომბინაციაა, რომელსაც ფაქიზი მოპყრობა სჭირდება. რა თქმა უნდა, მატია ბინოტომ შესანიშნავად იცის, როგორ გაუმკლავდეს ამას, მაგრამ ახლა ის ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მექანიზმი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჯანსაღი მეტოქეობა, კარგად მუშაობს“.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე გრანპრიზე სებასტიან ფეტელსა და შარლ ლეკლერს შორის მუდმივად ხდებოდა კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც გუნდურ ტაქტიკას უკავშირდებოდა. ასე მაგალითად, კვირას, სოჭში წინასწარი მოლაპარაკების თანახმად, ფეტელმა სტარტზე გაუსწრო ლეკლერს, მაგრამ შემდეგ უარი თქვა პოზიციის დაბრუნებაზე.