მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა დამაჯერებლად მოიგო ჩინეთის გრანპრი, რითაც მეორე გამარჯვება მოიპოვა 2019 წლის სეზონში, მეექვსე შანხაის ტრასაზე და 75-ე კარიერაში. ეს ეტაპი მე-1000 იყო ფორმულა 1-ის ისტორიაში.
სტარტზე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ბრიტანელმა გაუსწრო პოულის მფლობელ თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს და ფინიშამდე არ დაუთმია უპირატესობა. ბოტასი ცოტა ხანი ახერხებდა შორს არ გაეშვა ბრიტანელი, პირველი პიტსტოპების შემდეგ, „მერსედესის“ პილოტებს შორის სხვაობა 1.2 წამამდეც კი დავიდა და იმ მომენტში ბოტასმა ორჯერ აჩვენა წრეზე საუკეთესო დრო, მაგრამ საბოლოოდ, ლუისსა და ვალტერის შორის ბრძოლა არ ყოფილა და ფინიშზე მათ შორის სხვაობამ 6.5 წამი შეადგინა.
ასევე არ ყოფილა ბრძოლა მეორე ადგილისთვის. მართალია, სებასტიან ფეტელმა დაკარგა დრო პირველ წრეებზე, როცა შარლ ლეკლერის უკან აღმოჩნდა და შემდეგ მაქს ფერსტაპენთან ბრძოლამაც შეაფერხა, მაგრამ სიჩქარის მიხედვით, „ფერარიმ“ ვერც კვალიფიკაციაში და ვერც რბოლისას, ვერაფერი მოუხერხა „მერსედესს“.
ასე რომ, გერმანულმა საჯინიბომ სეზონის სამ რბოლაში სამი დუბლი შეასრულა. ფეტელმა 12 წამით აჯობა ფერსტაპენს და წელს პირველად ავიდა პოდიუმზე. „ფერარის“ მეორე პილოტმა ლეკლერმა ორივეჯერ გვიან გადაწყვიტა პიტსტოპზე შესვლა, მაგრამ ამან არანაირი უპირატესობა არ მოუტანა, პირიქით, მონაკოელმა წინ გაუშვა ფერსტაპენი და მეხუთე ადგილი დაიკავა.
შემდეგი ეტაპი ორი კვირის შემდეგ, აზერბაიჯანში გაიმართება.