ფორმულა 1-ის 2027 წლის სეზონისთვის 22-დან 21 პილოტის ვინაობა ცნობილია #1TVSPORT

18:36, 12.11.2026

ფორმულა 1-ის 2027 წლის სეზონისთვის გუნდების შემადგენლობები თითქმის სრულად დაკომპლექტებულია. 11 გუნდში არსებული 22 ადგილიდან 21 პილოტის ვინაობა უკვე ცნობილია, საბოლოო გადაწყვეტილება კი მხოლოდ „ჰაასს“ აქვს მისაღები.

12 ნოემბერს „რეისინგ ბულსმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2027 წელს გუნდის ღირსებას კვლავ ლიამ ლოუსონი და არვიდ ლინდბლადი დაიცავენ. ორივე პილოტმა კონტრაქტი გაახანგრძლივა.

„რეისინგ ბულსში“ ლოუსონის დარჩენა გარკვეული პერიოდის განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მისი შემცვლელის ერთ-ერთ კანდიდატად ფორმულა 2-ის პილოტი ნიკოლა ცოლოვი განიხილებოდა, თუმცა გუნდმა საბოლოოდ არსებული შემადგენლობის შენარჩუნება გადაწყვიტა.

2027 წლის სეზონის წინ მნიშვნელოვანი ცვლილება „ჰაასში“ განხორციელდება. ამერიკულ გუნდს ესტებან ოკონი დატოვებს, მის ადგილს კი ბრაზილიელი რაფაელ კამარა დაიკავებს. სავარაუდოდ, მისი მეწყვილე ოლივერ ბერმანი იქნება, თუმცა ბრიტანელი პილოტის დარჩენა ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

ფორმულა 1-ის გუნდების შემადგენლობები 2027 წლისთვის:

  1. „მაკლარენი“ – ლანდო ნორისი, ოსკარ პიასტრი
  2. „მერსედესი“ – ჯორჯ რასელი, კიმი ანტონელი
  3. „ფერარი“ – შარლ ლეკლერი, ლუის ჰამილტონი
  4. „რედ ბული“ – მაქს ფერსტაპენი, ისაკ ჰაჯარი
  5. „რეისინგ ბულსი“ – ლიამ ლოუსონი, არვიდ ლინდბლადი
  6. „ასტონ მარტინი“ – ფერნანდო ალონსო, ლენს სტროლი
  7. „უილიამსი“ – ალექს ალბონი, კარლოს საინსი
  8. „ალპინი“ – პიერ გასლი, ფრანკო კოლაპინტო
  9. „ჰაასი“ – რაფაელ კამარა, მეორე პილოტი დასადასტურებელია
  10. „აუდი“ – ნიკო ჰიულკენბერგი, გაბრიელ ბორტოლეტო
  11. „კადილაკი“ – სერხიო პერესი, ვალტერი ბოტასი

მიუხედავად „კადილაკთან“ ვალტერი ბოტასის მოქმედი კონტრაქტისა, ფინელი პილოტის მომავალთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს. ეს ამერიკული გუნდის სარეზერვო პილოტის, კოლტონ ჰერტას მიერ სუპერლიცენზიის მიღებას უკავშირდება.

ამრიგად, 2027 წლის სეზონისთვის ფორმულა 1-ის სასტარტო ბადე თითქმის საბოლოოდ ჩამოყალიბებულია და ოფიციალურად მხოლოდ „ჰაასის“ მეორე პილოტის ვინაობის დადასტურება რჩება.

მსგავსი