ფორმულა 1-ში ერთთვიანი არდადეგებია გამოცხადებული და პილოტები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ნაწილის წინ ისვენებენ. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი და „მერსედესის“ ლიდერი ლუის ჰემილტონი მაინც აგრძელებს „ბრძოლას“, ამჯერად, გარემოს დასაცავად.
ბრიტანელმა კილოგრამობით საყოფაცხოვრებო ნაგვისგან ველური პლაჟი დაასუფთავა და შესაბამისი ფოტოები „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა.
„შეხედეთ, რა აღმოვაჩინე დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილას. ჩვენ ყველაფერს დავასუფთავებთ, მაგრამ, უბრალოდ, მინდოდა მეჩვენებინა თითოეული ჩვენგანის გავლენა ბუნებაზე იმ ნივთებით, რომელსაც ვყიდულობთ და შემდეგ ვყრით. აი, სად ხვდება ყველა ეს ნივთი. ამაზრზენია ეს ყველაფერი.
გადავწყვიტეთ გაგვეწმინდა აქაურობა, თქვენ კი მხარს ნუ უჭერთ და ნუ იძენთ პოლიეთილენის ან პლასტიკატის ნივთებს“,- წერს ჰემილტონი.
ჰემილტონს არ მიუთითებია სანაპიროს ადგილსამყოფელი, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს ყველაფერი ეგეოსის ზღვაში, კუნძულ მიკონოსზე ხდებოდა. სწორედ იქ ისვენებდა ჰემილტონი მეგობრებთან ერთად გასულ კვირას.
ლუისმა კარგი მაგალითი მისცა ახალგაზრდობას. და ამ მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია. ინგლისის ქალაქ დარემის სკოლის ბავშვებმა ჰემილტონის ვიდეო ნახეს და ადგილობრივი პლაჟი დაასუფთავეს.