“მერსედესის” ბრიტანელმა პილოტმა ლუის ჰემილტონმა კარიერაში მეოთხედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. მან ეს ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ეტაპით ადრე მოახერხა, თუმცა, ბრიტანელთან ტრიუმფი იოლად არ მოსულა – ჰემილტონს “ფერარის” ლიდერმა სებასტიან ფეტელმა დიდი ბრძოლა გაუმართა. იყო მომენტი, როცა გერმანელის უპირატესობა საერთო ჩათვლაში 25 ქულას აღწევდა.
ავიხსენოთ ჰემილტონის გზა მეოთხე ჩემპიონობისკენ…
ავსტრალია – 26 მარტი
ფეტელი – 1, ჰემილტონი – 2
ჰემილტონმა პოულიდან აიღო სტარტი, მაგრამ პიტსტოპისთვის არა სწორად შერჩეული მომენტის გამო, რბოლაზე კონტროლი ფეტელმა მოიპოვა. დიდი სიუპრიზი აღმოჩნდა ის, რომ “ფერარი” ტემპში არ ჩამოუვარდებოდა “მერსედესს”.
ფეტელი – 25 ქულა, ჰემილტონი – 18 ქულა
ჩინეთი – 9 მარტი
ჰემილტონი – 1, ფეტელი – 2
ჰემილტონმა შთამბეჭდავი რევანში აიღო – პოული მოიპოვა და სტარტიდან ფინიშამდე ლიდერობდა. ფეტელს მეხუთე ადგილიდან მოუწია მეორემდე გზის გაკვლევა.
ფეტელი – 43 ქულა, ჰემილტონი – 43 ქულა
ბაჰრეინი – 16 აპრილი
ფეტელი – 1, ჰემილტონი – 2
ფეტელმა მესამე პოზიციიდან აიღო სტარტი, მაგრამ ჯერ ჰემილტონს გაუსწრო, შემდეგ კი პოულის მფლობელ ბოტასს. ჰემილტონს არ ჰქონდა პირველობისთვის ბრძოლის შანსი, რადგან სტიუარდებისგან ხუთწამიანი ჯარიმა მიიღო.
ფეტელი – 68 ქულა, ჰემილტონი – 61 ქულა
რუსეთი – 30 აპრილი
ფეტელი – 2, ჰემილტონი – 4
ფეტელი პოულიდან იწყებდა, მაგრამ წააგო სტარტი ბოტასთან, რომელმაც კარიერაში პირველი რბოლა მოიგო. ჰემილტონს მთელი ეტაპი ძრავასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და მხოლოდ მეოთხე მივიდა ფინიშთან.
ფეტელი – 86 ქულა, ჰემილტონი – 73 ქულა
ესპანეთი – 14 მაისი
ჰემილტონი – 1, ფეტელი – 2
ძალიან დაძაბული ბრძოლა ჩემპიონატის ლიდერებს შორის. ჰემილტონი და ფეტელი ორჯერ საბურავებით შეეხნენ ერთმანეთს. საბოლოოდ, ბრიტანელმა გაუძლო გერმანელის შეტევებს.
ფეტელი – 104 ქულა, ჰემილტონი – 98 ქულა
მონაკო – 28 მაისი
ფეტელი – 1, ჰემილტონი – 7
“ფერარიმ” დუბლი შეასრულა, ფეტელი კი გუნდური ტაქტიკის წყალობით რაიკონენზე წინ აღმოჩნდა და საერთო ჩათვლაში 25 ქულით დაცილდა ჰემილტონს, რომელმაც რბოლა მხოლოდ მე-13 პოზიციიდან დაიწყო და მე-7 ადგილზე გავიდა.
ფეტელი – 129 ქულა, ჰემილტონი – 104 ქულა
კანადა – 11 ივნისი
ჰემილტონი – 1, ფეტელი – 4
“მერსედესმა” სეზონში პირველი დუბლი შეასრულა, ჰემილტონმა კი “დიდი სლემი” (პოული, მოგება, წრეზე საუკეთესო დრო) მოიპოვა. ფეტელმა სტარტზე ორი პოზიცია წააგო და მეოთხე მივიდა ფინიშთან.
ფეტელი – 141 ქულა, ჰემილტონი – 129 ქულა
აზერბაიჯანი – 25 ივნისი
ფეტელი – 4, ჰემილტონი – 5
სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული რბოლა. ჰემილტონი და ფეტელი პირველ-მეორე ადგილებზე იმყოფებოდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში ფეტელი უკნიდან ორჯერ შეეჯახა ჰემილტონს. ლუისს ბოქსებში შესვლა მოუწია დაზიანებული დეტალის გასასწორებლად, ფეტელმა კი 10-წამიანი ჯარიმა მიიღო. რბოლის შემდეგ, ჰემილტონმა გერმანელის მოქმედებას “სირცხვილი” უწოდა.
ფეტელი – 153 ქულა, ჰემილტონი – 139 ქულა
ავსტრია – 9 ივლისი
ფეტელი – 2, ჰემილტონი – 4
საკმაოდ მოსაწყენი რბოლა მხოლოდ მაშინ გახდა საინტერესო, როცა ბოლოს ფეტელმა ლიდერ ბოტასს შეუტია, ჰემილტონი კი, რომელიც მერვე პოზიციიდან იწყებდა ეტაპს, მესამე ადგილისთვის შეებრძოლა რიკარდოს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
ფეტელი – 171 ქულა, ჰემილტონი – 151 ქულა
ბრიტანეთი – 16 ივლისი
ჰემილტონი – 1, ფეტელი – 7
ძალიან წარმატებული უქმეები ჰემილტონისთვის, რომელმაც დამაჯერებლად მოიგო საშინაო ეტაპი, თან, რბოლის ბოლოს ფეტელს საბურავი გაუსკდა, რის გამოც გერმანელი მეშვიდე ადგილზე გავიდა და მისი უპირატესობა საერთო ჩათვლაში ერთ ქულამდე შემცირდა.
ფეტელი – 177 ქულა, ჰემილტონი – 176 ქულა
უნგრეთი – 30 ივლისი
ფეტელი – 1, ჰემილტონი – 4
მორიგი დრამა თანაგუნდელებს შორის: რაიკონენი ისევ ფეტელზე სწრაფი ჩანდა, მაგრამ, ბრძანების თანახმად, ფინელის ამოცანა იყო – დაეცვა სებასტიანი ჰემილტონის შეტევებისგან, რაც ძალიან კარგად გამოუვიდა. ფეტელი საზაფხულო ერთთვიან არდადეგებზე 14-ქულიანი უპირატესობით წავიდა.
ფეტელი – 202 ქულა, ჰემილტონი – 188 ქულა
ბელგია – 27 აგვისტო
ჰემილტონი – 1, ფეტელი – 2
ჰემილტონმა პოულიდან აიღო სტარტი და ფინიშამდე ლიდერობდა. ბრიტანელმა მშვიდად მოიგო ეტაპი და შვიდ ქულამდე შეამცირა სხვაობა.
ფეტელი – 220 ქულა, ჰემილტონი – 213 ქულა
იტალია – 3 სექტემბერი
ჰემილტონი – 1, ფეტელი – 3
ჰემილტონმა ფორმულა 1-ის ყველა დროის რეკორდი დაამყარა კარიერაში პოულების რაოდენობით, რბოლაში კი სრული დომინირება ჰქონდა და პირველად გავიდა წინ საერთო ჩათვლაში. სწორედ იტალიის გრანპრიდან მოყოლებული, “მერსედესმა” აჩვენა, რამდენად სწრაფი იყო “ფერარიზე”.
ჰემილტონი – 238 ქულა, ფეტელი – 235 ქულა
სინგაპური – 17 სექტემბერი
ჰემილტონი – 1, ფეტელი – გავარდა
ჰემილტონმა მეხუთე პოზიციიდან აიღო სტარტი, მაგრამ გაუმართლა, როცა პირველ მეტრებზე ფეტელი, რაიკონენი და ფერსტაპენი შეეჯახნენ ერთმანეთს და “ფერარის” პილოტები გამოეთიშნენ ბრძოლას. კარგი კვალიფიკაციის წყალობით, ფეტელს შეეძლო ლიდერობის დაბრუნება, მაგრამ პირიქით – ჰემილტონის უპირატესობა გენერალურ კლასიფიკაციაში 28 ქულამდე გაიზარდა. ეს ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.
ჰემილტონი – 263 ქულა, ფეტელი – 235 ქულა
მალაიზია – 1 ოქტომბერი
ჰემილტონი – 2, ფეტელი – 4
მაქს ფერსტაპენმა პირველ წრეებზე გაუსწრო ჰემილტონს და დამსახურებულად მოიგო გრანპრი. ჰემილტონს დიდად არ უბრძოლია – მას ტექნიკური პრობლემები ჰქონდა და მთავარი იყო ფინიშამდე მიეღწია. ფეტელმა ბოლო პოზიციიდან აიღო სტარტი, შთამბეჭდავი რბოლაც აჩვენა, მაგრამ მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა და კიდევ უფრო მეტად ჩამორჩა საერთო ჩათვლაში.
ჰემილტონი – 281 ქულა, ფეტელი – 247 ქულა
იაპონია – 8 ოქტომბერი
ჰემილტონი – 1, ფეტელი – გავარდა
ჰემილტონმა პოულით მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და მოიგო რბოლა, ფეტელს კი სტარტიდანვე ძრავასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა და მალე გამოეთიშა ეტაპს.
ჰემილტონი – 306 ქულა, ფეტელი – 247 ქულა
აშშ – 22 ოქტომბერი
ჰემილტონი – 1, ფეტელი – 2
თუ ჰემილტონი მოიგებდა რბოლას, ხოლო ფეტელი მეხუთე ადგილზე ქვემოთ აღმოჩნდებოდა, ბრიტანელი ჩემპიონი გახდებოდა, მაგრამ ამ საკითხმა ერთი ეტაპით გადაიწია. რა თქმა უნდა, ჩემპიონატზე მეცხრე ეტაპის მოგების შემდეგ, ლუისს ესმოდა, რომ ტიტულის მოპოვება მხოლოდ დროის საკითხი იყო.
ჰემილტონი – 331 ქულა, ფეტელი – 265 ქულა
მექსიკა – 29 ოქტომბერი
ფეტელი – 4, ჰემილტონი – 9
ფეტელი პოულს ფლობდა, მაგრამ მას ფერსტაპენმა და ჰემილტონმა გაუსწრეს. გერმანელი უკნიდან დაეჯახა ბრიტანელს და ორივენი პელოტონის უკან აღმოჩდნენ. ჰემილტონს ბოქსებში შესვლაც მოუწია და საბოლოოდ, მეცხრე ადგილი დაიკავა, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა კარიერაში მეოთხე ჩემპიონობის მოსაპოვებლად, რადგან ფეტელი მეოთხე მივიდა ფინიშთან.
ჰემილტონი – 333 ქულა, ფეტელი – 277 ქულა
სეზონის დარჩენილ ორ რბოლაში, უკვე ჩემპიონის რანგში, ლუის ჰემილტონი აშკარად მოდუნდა და გამარჯვება აღარ მოუპოვებია: ბრაზილიაში მეოთხე ადგილზე გავიდა, აბუ დაბიში – მეორეზე.
ჰემილტონმა სეზონი ასეთი ციფრებით დაასრულა:
9 გამარჯვება
13 პოდიუმი
7 უსწრაფესი წრე
11 პოული
363 ქულა