ფორმულა 1 | 20-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ „რედ ბულმა“ კრისტიან ჰორნერი გუნდის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა #1TVSPORT
ფორმულა 1-ის ავსტრიულმა გუნდმა, „რედ ბულმა“ 20-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ გუნდის ხელმძღვანელი კრისტიან ჰორნერი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ჰორნერი ავსტრიის წარმომადგენელს 2005 წლიდან უძღვებოდა და ამ დროის განმავლობაში „რედ ბულმა“ კონსტრუქტორთა თასი ექვსჯერ (2010, 2011, 2012, 2013, 2022, 2023) მოიგო. ასევე, მისი პილოტები, ჯამში, რვაჯერ გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები. ოთხჯერ ტიტული გერმანელმა სებასტიან ფეტელმა მოიპოვა, ხოლო ოთხჯერ – ნიდერლანდელმა მაქს ფერსტაპენმა.
მიმდინარე სეზონში „რედ ბულის“ შედეგები მკვეთრად გაუარესდა. გუნდის ლიდერი მაქს ფერსტაპენი ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას ბოლიდის მოქმედებით. განსაკუთრებით უჭირს ავსტრიელთა მეორე პილოტს, იუკი ცუნოდას, რომელიც ქულების აღებას იშვიათად ახერხებს.
კრისტიან ჰორნერის გათავისუფლების შემდეგ გუნდის ხელმძღვანელი ლორან მეკისი გახდება, რომელიც აქამდე „რეისინგ ბულსს“ ედგა სათავეში.
გაურკვეველი სიტუაციაა მაქს ფერსტაპენის ირგვლივაც. მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს „მერსედესი“ აქტიურად აკვირდება და ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა ის „რედ ბულში“ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ბოლომდე.