„ფორბსი“ - ბითაძე-საბონისის წყვილმა „პეისერსის“ თამაში შეცვალა #1TVSPORT
„ფორბსი“ - ბითაძე-საბონისის წყვილმა „პეისერსის“ თამაში შეცვალა #1TVSPORT

„ინდიანა პეისერსისთვის“ სეზონი საკმაოდ ცუდად მიმდინარეობს. გოგა ბითაძის გუნდს 23 მატჩის შემდეგ 9 მოგება და 14 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. მედიის უმეტესი ნაწილი გუნდის მთავარ მწვრთნელს აკრიტიკებს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი აღნიშნავს, რომ რიკ კარლაილისათვის ეს „პეისერსში“ პირველი წელია, შესაბამისად მას ექსპერიმეტებისათვის გარკვეული დრო სჭირდება.

ამერიკული გამოცემა Forbes კარლაილის სტრატეგიაზე საკმაოდ საინტერესო სტატიას აქვეყნებს, სადაც მთავარ, წარმატებულ აღმოჩენას გოგა ბითაძისა და დომანტას საბონისის შეწყვილებას ასახელებს.

„რიკ კარლაილი თამაშის დროს ყოველთვის ეძებს გზებს უპირატესობის მოსაპოვებლად. ამ სეზონში ხშირად ვხედავთ თამაშის პროცესში სტრატეგიულ ცვლილებებს, უნიკალურ შემადგენლობებსა და მოთამაშეთა როლის გაცვლებს, ეს ყველაფერი კი კარლაილის ხელწერაა.

მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა თამაშიდან თამაშამდე როტაციაში უმნიშვნელო ცვლილების შეტანაა. ამ სეზონში მან უკვე იპოვა ახალი წყვილი, რომელმაც „პეისერსის“ თამაში შეცვალა. ეს წყვილი კი ისეთი მოთამაშეებისაგან შედგება, რომლებიც ერთ პოზიციაზე თამაშობენ – გოგა ბითაძე და დომანტას საბონისი.

ორი ცენტრი, რომლებსაც ერთად 2021-22 წლების სეზონამდე მხოლოდ 146 წუთი ჰქონდათ ნათამაშები, კარლაილმა 22 თამაშში უკვე 70 წუთი ათამაშა და ასეთი ტემპით, სეზონის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 300 წუთამდეც ავა.

ეს ცვლილება „პეისერსსეხმარებოდა, რადგან ამ დროს ისინი ღირსეულად თამაშობდნენ – თავს წარმოუდგენლად კარგად იცავდნენ, მაგრამ შეტევაში უჭირდათ. ჯერჯერობით, როცა პარკეტზე ორივე გიგანტი ერთდროულად იყო, „ინდიანას“ სხვა გუნდებთან შედარებით სიმაღლის უპირატესობა ჰქონდა, რაც დაცვაში ბარიერს ქმნიდა.

„ჩვენი გუნდის იდენტობის ნაწილი გახლავთ ის, რომ მაღლები ვართ. ჩვენ გვყავს მაღალი კალათბურთელები, რომლებიც მრავალმხრივ გამოირჩევიან“, – ასე განმარტა კარლაილმა​ თავისი გადაწყვეტილება.

ბითაძისა და საბონისის წყვილს ერთად ამ სეზონში დებიუტი 25 ოქტომბერს „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ ჰქონდათ. იმ შეხვედრაში „პეისერსი“ ცდილობდა, რომ მეტოქე რიტმიდან გამოეყვანა. კარლაილმა შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ბითაძე-საბონისის წყვილი კრის დუარტესთან, ჯერემი ლემბთან და მალკოლმ ბროგდონთან ერთად დააყენა.

ამ სტრატეგიამ გაამართლა. „ბაქსმა“ 2 გიგანტს ვერ აჯობა, რამაც ჩამორჩენის შემცირება გამოიწვია. იმ დროს, როცა ორივე ცენტრი შემადგენლობაში იყო, „პეისერსმა“ 15 ქულის სხვაობა 5-მდე შეამცირა. ეს იყო ერთადერთი მეოთხედი, რომელშიც „ინდიანამ“ „მილუოკის“ აჯობა.

„ბითაძე დაგვეხმარა, რომ თამაში უფრო მაღალ დონეზე აგვეწია. ის ამ შეხვედრის დადებითი მხარე იყო. გოგა მატჩის დასაწყისში კარგად გამოიყურებოდა და გადავწყვიტე შანსი კიდევ მიმეცა. მომწონს, თუ როგორ არის ყოველთვის მზად სათამაშოდ. მის 4 ნომერზე თამაშს უმეტესობა კარგად არ უყურებს, მაგრამ დაგვანახა, რომ ამ პოზიციაზე ეფექტურია და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, თუ როგორ იქნება სათამაშოდ მზად“, – განაცხადა „პეისერსის“ მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ.

ამ შეხვედრის მერე, კარლაილმა იცოდა, რომ მას ახალი წყვილი ჰყავდა, რომლის საშუალებითაც შეეძლებოდა მატჩის მიმდინარეობის შეცვლა. 5 დღის შემდეგ, „ტორონტოსტან“ შეხვედრაში, მან კვლავ ეს წყვილი ათამაშა. ბითაძემ და საბონისმა დაცვაში სოლიდურად ითამაშეს.

2 წარმატებული მცდელობის შედეგად, კარლაილი დარწმუნებული იყო, რომ მას შეეძლო მიემართა ამ სტრატეგიისათვის, როდესაც მატჩში ცვლილებების შეტანა დასჭირდებოდა. ამ ხერხს ის ყოველთვის არ მიმართავს – ბითაძე-საბონისის წყვილს 19 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია, მაგრამ ეს არის შესანიშნავი მეთოდი კარლაილისათვის, რომ შეცვალოს თამაშის ტემპი.

„ეს დიდებულია. რაც უფრო მეტ სათამაშო დროს მივიღებთ ერთად, უფრო განვვითარდებით“, – განაცხადა საბონისმა ბითაძესთან ერთად თამაშზე.

ეს წყვილი დაცვაში ლიდერობს – მეტოქეებს მათ წინააღმდეგ 138 ფლობიდან, მხოლოდ 144 ქულა აქვთ მოპოვებული. ბითაძის ზომას თუ გავითვალისწინებთ ის საკმაოდ მოქნილია და მის დაცვაში თამაშს მთელი სეზონია „პეისერსის“ მწვრთნელები აქებენ. საბონისი დაცვაში ქართველ კალათბურთელს კარგად შეუწყვილდა.

„ის ყოველთვის მიმაგრებს ზურგს. მზადაა დასაბლოკად და დაცვაში წამყვანი მოთამაშეა. გოგა შეტევაში ჭკვიანურად თამაშობს და იცის როდის რა უნდა გააკეთოს“, – აღნიშნა საბონისმა გოგა ბითაძეზე.

ბითაძე მთელი მისი კარიერის განმავლობაში დაფარებების მანქანაა. საბონისი კი ამასობაში დაცვის კუთხით განვითარდა. ერთად ეს წყვილი გახდა ძალა, რომელსაც კარლაილს შეუძლია ენდოს.

„ფარქვეშ დაცვა თამაშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. გოგას ჩართულობა გვჭირდებოდა“, – ისაუბრა კარლაილმა გოგას მნიშვნელობაზე.

სანამ სეზონი დაიწყებოდა, კარლაილმა აღნიშნა, რომ ის ერთ კონკრეტულ შემადგენლობაზე არ იქნებოდა დამოკიდებული. მან განაცხადა, რომ სეზონის მიმდინარეობისას გარკვეულ ცვლილებებს შეიტანდა.

ამას კარლაილი ხშირად აკეთებდა, რამაც „პეისერსს“ ბითაძე-საბონისის წყვილისგან წარმატება მოუტანა.

მიუხედავად იმისა, რომ ბითაძისა და საბონისის წყვილმა, შესაძლოა არ გამოიმუშაოს ბევრი წუთი ამ კვირაში, ის მაინც წარმატებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ და კარლაილის სიძლიერის ეს ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.“