Football International-ი - „აიაქსი“ გიორგი მიქაუტაძეს „მეცში“ უშვებს, ეს მისთვის ერთადერთი ვარიანტია #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „მეცში“ დაბრუნება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, – ინფორმაციას ნიდერლანდური გამოცემა Football International-ი ავრცელებს.
„გიორგი მიქაუტაძე სულ რაღაც ექვს თვეში, შესაძლოა, „აიაქსს“ დაემშვიდობოს. „მეცი“ იმედოვნებს, რომ იჯარით დაიმატებს 23 წლის ქართველ თავდამსხმელს, რომელიც გასულ ზაფხულს 16 მილიონ ევროდ გაყიდა.
თავდამსხმელი აგვისტოს ბოლოს ამსტერდამელთა ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, სვენ მისლინტატმა მიიყვანა ბრაიან ბრობისა და ჩუბა აკპომის კონკურენტად, თუმცა მიქაუტაძეს მორის სტეინის დროს შანსი არ მისცემია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჯონ ვან სხიპი სხვაგვარად მოიქცეს.
ქართველმა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ „ფორტუნა სიტარდისა“ და „ალმერე სიტის“ წინააღმდეგ ითამაშა, ოთხჯერ კი შეცვლაზე შევიდა. ექვს თვეში მან მხოლოდ 248 წუთი მიიღო. როგორც თავდამსხმელს, მას უწევს შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ბრობისა და აკპომის შემცვლელია, რადგან შემტევ ნახევარმცველად თავის გამოჩენას ვერ ახერხებს.
„მეცი“ იმედოვნებს, რომ ვითარებით ისარგებლებს და მიქაუტაძეს იჯარით დაიმატებს. ქართველი თავდამსხმელისთვის ეს ერთადერთი ვარიანტია. მოთამაშეებს სეზონში მაქსიმუმ ორ კლუბში თამაში შეუძლიათ. ამ სეზონის დასაწყისში კი მიქაუტაძემ „მეცის“ შემადგენლობაში სამი მატჩი ჩაატარა“, – იუწყება Football International-ი.