Foot Mercato - საქართველოს ნაკრებისთვის პლეი ოფში კვარაცხელიას არყოფნა დიდი დარტყმაა #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა Foot Mercato ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა, რომლის გამოც „ნაპოლის“ თავდამსხმელი საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში ვერ დაეხმარება.
„ვილი სანიოლის თქმით, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ ჩვენს ვებგვერდს ექსკლუზიურად ესაუბრა, საქართველო არის გუნდი, რომელსაც დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც შესაძლოა „ჯვაროსნებისთვის“ წარმატებად ჩაითვალოს, ევრო 2024-ზე მოხვედრა იქნება.
ქართველები ფინალურ ეტაპზე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით ვერ მოხვდნენ. მაგრამ მათ აქვთ შესაძლებლობა, გერმანიაში გასამართ ევრო 2024-ზე პლეი ოფის გავლით მოხვდნენ.
ამ გზით ბრძოლა მარტში ფინალურ ოთხეულში მოუწევთ, სადაც, საქართველოს გარდა, საბერძნეთის, ლუქსემბურგისა და ყაზახეთის ნაკრებები იქნებიან. მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია ნახევარფინალში ვერ ითამაშებს. „ნაპოლის“ თავდამსხმელმა კვირას ესპანეთთან (1:3) წაგებულ შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო და, შესაბამისად, დისკვალიფიცირებულია.
ეს დიდი დარტყმა ფეხბურთელისთვის და საქართველოს ნაკრებისთვის, რომელსაც ვილი სანიოლი ხელმძღვანელობს. ამიტომ საფრანგეთის ნაკრების ყოფილ მოთამაშეს მოუწევს, პლეი ოფის ნახევარფინალში გუნდურ ძალას დაეყრდნოს“, – წერს ფრანგული გამოცემა.