ქვემო ქართლის პოლიციამ ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობის, ძარცვისა და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ო.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. მას ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედება. დანაშაული 5-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
„პოლიციამ ო. ც.-ს მიერ უკანონოდ გაყიდული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.