ფლორენტინო პერესმა კილიან მბაპეს პირველ იანვარს გაფორმება დააანონსა და ამით პსჟ ძალიან გააბრაზა #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მიანიშნა, რომ ესპანურმა კლუბმა, შესაძლოა, პირველ იანვარს მიაღწიოს შეთანხმებას „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდთან კილიან მბაპესთან, – იტყობინება Sky Sports.
პერესმა ესპანურ გაზეთ El Debate-ს უთხრა: „იანვარში მბაპეზე ახალი ამბები გვექნება. იმედია, პირველ იანვარს ყველაფერი გადაწყდება“.
თუმცა, გაზეთმა Marca-მ დაწერა, რომ ამ განცხადებიდან ცოტა ხანში პერესმა ოდნავ უკან დაიხია: „ჩემი სიტყვები არა სწორად იქნა გადმოცემული. მე ვთქვი, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ მომდევნო წელს, რათა მასთან მოლაპარაკებების უფლება მივიღოთ. უდიდეს პატივს ვცემთ „პარი სენ-ჟერმენს“ რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს“.
პერესის პირველმა სიტყვებმა ძალიან გააბრაზა „პარი სენ-ჟერმენის“ სპორტული დირექტორი ლეონარდო.
„ეს უკვე ორი წელია გრძელდება. უბრალოდ, ვახსენებ ყველას, რომ სატრანსფერო ფანჯარა დახურულია და სეზონი გრძელდება. ამიტომაც „რეალს“ არ აქვს უფლება ასე მოიქცეს. ეს უნდა შეწყდეს! კილიანი – „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია და გვინდა, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდეს“, – განუცხადა გაზეთ L’Equipe-ს ლეონარდომ.