ფლორენტინო პერესი სუპერლიგაზე - ნადალმა და ჯოკოვიჩმა 59-ჯერ ითამაშეს, ნუთუ ეს მოსაწყენია? „რეალი“ და „ლივერპული“ 67 წლის განმავლობაში მხოლოდ ცხრაჯერ შეხვდნენ ერთმანეთს #1TVSPORT
ფლორენტინო პერესი სუპერლიგაზე - ნადალმა და ჯოკოვიჩმა 59-ჯერ ითამაშეს, ნუთუ ეს მოსაწყენია? „რეალი“ და „ლივერპული“ 67 წლის განმავლობაში მხოლოდ ცხრაჯერ შეხვდნენ ერთმანეთს #1TVSPORT

მადრიდი „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ფეხბურთის მიმართ ინტერესის კლების შესახებ ილაპარაკა.

„იმისთვის, რომ პრობლემა გადავწყვიტოთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ის არსებობს. მხოლოდ ასე შეიძლება გადაწყვეტილების პოვნა. ჩვენი საყვარელი სახეობა ავადაა. ფეხბურთი კარგავს მსოფლიოში ლიდერობას. ახალგაზრდობა სულ უფრო და უფრო ნაკლებად ინტერესდება სპორტის ამ სახეობით. უნდა შევაჩეროთ ეს, სანამ გვიან არ არის,

ახალი თაობა სხვა გასართობებს ანიჭებს უპირატესობას – მაგალითად, ვიდეოთამაშებს. მათ ხარისხიანი პროდუქტის მიღება სურთ, მაგრამ ფეხბურთს არ შეუძლია ამის შეთავაზება, რადგან დღევანდელი ტურნირები არ იწვევს ინტერესს, სანამ გადამწყვეტი სტადიები არ დადგება.

ეროვნული ჩემპიონატების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ევროპული ტოპ-ლიგები მთელი სეზონის განმავლობაში უნდა სთავაზობდნენ ხარისხიან მატჩებს. მხოლოდ ასეთი თამაშები დაგვეხმარება ახალგაზრდების დაბრუნებაში.

ამერიკული ფეხბურთის ლიგაში, სადაც გუნდები შინ მხოლოდ რვა მატჩს ატარებენ, აუდიოვიზუალური შემოსავალი უფრო მაღალია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში რაღაცას ძალიან სწორად აკეთებენ, ევროპაში კი არა. ფეხბურთი აგებს ამ ბრძოლას.

ფეხბურთს სჭირდება პროფესიონალები. უნდა შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, რომელიც ინტერესსა და ადრენალინის შეგრძნებას გამოიწვევს. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ფეხბურთის ვარდნა“, – განაცხადა პერესმა.

„რეალის“ პრეზიდენტს არ მიაჩნია, რომ სუპერლიგის ტოპ-მატჩები მალე მოსწყინდებათ ფანებს.

„ნადალმა და ჯოკოვიჩმა 59-ჯერ ითამაშეს… ნუთუ ეს მოსაწყენია? არადა, „რეალი“ და „ლივერპული“ 67 წლის განმავლობაში მხოლოდ ცხრაჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. რატომ უნდა მოვაკლოთ გულშემატკივრებს ასეთი მატჩების სიამოვნება?

ფეხბურთის წესები სპორტის სხვა სახეობებში რომ გამოიყენონ, ჩვენ ამ წლების განმავლობაში ფედერერისა და ნადალის მხოლოდ სამ მატჩს ვიხილავდით.

უეფა ზრდის მატჩების რაოდენობას საშუალო გუნდებს შორის. ეს მხოლოდ აჩქარებს ევროპული ფეხბურთის დაცემას. ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, „რეალი“ ღირებულებით მხოლოდ მე-13 გუნდია მსოფლიოში… არადა, ადრე მეხუთე ადგილზე ვიყავით. ამ რეიტინგში მხოლოდ სამი საფეხბურთო კლუბია. ეს ტენდენცია განხილვას არ ექვემდებარება“, – ამბობს პერესი.