„ფლორამ“ ისევ იომა, კაჭარავამ კვლავ საგოლე გააკეთა - ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კონფერენს ლიგაზე ამჯერადაც ვერ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ ტალინში „ფლორას“ ესტუმრა და დიდი სურვილის და მონდომების მიუხედავად, მხოლოდ ფრეს დასჯერდა.
კვიპროსული კლუბის განაცხადში არ იყო გიორგი ლორია, რომელიც გუნდს ოჯახური გარემოებების გამო გამოაკლდა. ძირითად შემადგენლობაში იყო ნიკა კაჭარავა, ხოლო ნიკა ნინუა სათადარიგოთა შორის დარჩა.
ფამაგუსტელებმა თამაში შესანიშნავად დაიწყეს და პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს. 29-ე წუთზე „ანორთოსისი“ დემეტრის კრისტოფმა დააწინაურა, მეორე გოლი კი 4 წუთში ტალინში „ფლორას“ დენის პოპოვიჩმა გაუტანა, რომლესაც ასისტენტობა კაჭარავამ გაუწია.
ისევე როგორც პირველ შეხვედრაში, ესტონელებმა ხასიათი გამოავლინეს და ანგარიში გაათანაბრეს. სტუმართა კარი 55-ე-წუთზე ჯერ რაუნო საპინენმა აიღო, სამ წუთში კი სერგეი ჟენიოვმა წონასწორობა აღადგინა.
საბოლოოდ, შეხვედრა 2:2 დასრულდა და 4 ტურის შემდეგ, 2 ქულით „ანორთოსისი“ ჯგუფში ბოლო ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს „ფლორასაც“, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მესამე პოზიციას იკავებს.
საინტერესოა, რომ ამ გუნდებს შორის კვიპროსში გამართულ შეხვედრაშიც, რომელიც ასევე 2:2 დასრულდა, პოპოვიჩმა გაიტანა და მაშინაც საგოლე გადაცემა ქართველმა თავდამსხმელმა გაუკეთა.