ფლამარიონის ჰეთ-თრიკი და ოქრიაშვილის დებიუტი - ბათუმის „დინამომ“ „გაგრა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მეხუთე ტური ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში გამართული მატჩით დაიწყო – „გაგრამ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა.
გაგრა – დინამო (ბთ) 1:4
გოლები: 0:1 ფლამარიონი (19, ბიძინაშვილის პასით), 0:2 ფლამარიონი (35. ალთუნაშვილი პასით). 0:3 ღუდუშაური (42. ფლამარიონის პასით). 0:4 ფლამარიონი (51). 1:4 მუსელიანი (59. ოქრიაშვილის პასით).
„დინამომ“ პირველივე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და მეტოქის კარში სამი გოლი გაიტანა. შეხვედრის გმირი ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონი იყო, რომელმაც შესვენებამდე დუბლი შეასრულა, ხოლო 42-ე წუთზე მისი საგოლე პასით პაატა ღუდუშაურმა მესამე გოლი გაიტანა.
ბათუმელებმა მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყეს. 51-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა ამ შეხვედრაში თავისი მესამე გოლი გაიტანა და მიმდინარე სეზონში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.
მეორე ტაიმში „გაგრის“ რიგებში ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული თორნიკე ოქრიაშვილის დებიუტი შედგა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა პირველივე შეხვედრაში გამოიჩინა თავი შედეგიანი მოქმედებით – 59-ე წუთზე ოქრიაშვილის პასით გოლი ზურაბ მუსელიანმა გაიტანა. საბოლოოდ, შეხვედრა ბათუმის „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა – 4:1.
ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა 13 ქულა დააგროვა და „დინამო თბილისს“ (რომელიც მე-5 ტურის თამაშს „თელავის“ წინააღმდეგ მოგვიანებით ჩაატარებს) გადაასწრო, ხოლო „გაგრა“ ერთი ქულით ბოლო ადგილზეა.