„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვამ რეგიონებში გადაინაცვლა
24 მაისს, ბორჯომში მდებარე სასტუმრო „ლიკანში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განიხილეს კანონის პროექტი „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“. პროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივითა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საერთაშორისო განვითარებისთვის ამერიკის შეერთებული შტატებისა (USAID) და გაერთიანებული სამეფოს (UK Aid) სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მინისტრის მოადგილეებმა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა, მოადგილე შოთა ხაბარელთან ერთად, სამინისტროს წარმომადგენლებმა, პარლამენტის წევრებმა და ექსპერტებმა.
მიმდინარე წლის მაისი-ივლისის თვეში საპარლამენტო კომიტეტი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და UK Aid-ის მხარდაჭერით უზრუნველყოფს სტრატეგიისა და საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე დისკუსიების ორგანიზებას საქართველოს რეგიონებში. კონსულტაციების შედეგად გამოთქმული მოსაზრებები წარედგინება კულტურისა და სპორტის სამინისტროს განსახილველად.
„მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიასა“ და „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვისა და საჯარო კონსულტაციების თაობაზე დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: cultureandsports.gov.ge
მიხეილ გიორგაძე: „ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო “ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“, საქართველოს კანონპროექტის დახვეწა, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ერთად, რაც გულისხმობს საჯარო განხილვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, განხილვის საგანი იქნება მასობრივი სპორტის განვითარების და ხელმისაწვდომობის სტრატეგია. დღევანდელი შეხვედრა იყო პირველი, როცა ჩვენ სამუშაო ფორმატში მუხლობრივად გავიარეთ კანონპროექტი და, ცხადია რომ აქ გაჟღერებული შენიშვნები და რეკომენდაციები აისახება კანონპროექტში. ამის შემდეგ ჩვენ უკვე მზად ვიქნებით, იმისთვის რომ ეს კანონპროექტი ფართო საზოგადოებას გავაცნოთ და ამასთან მთელი ეს პროცესი მაქსიმალური ჩართულობით გავიაროთ, რათა ყველა სექტორი, პროფესიული თუ არაპროფესიული იყოს ჩართული ამ კანონპროექტის შემუშავებაში“.
მიხეილ ყაველაშვილი: „გავმართეთ პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელზეც გაიმართა დისკუსია “ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ეს პროცესი გაიშლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩავალთ სხვა რეგიონებშიც და ვეცდებით, რომ ის შენიშვნები, რომელიც ექნებათ ექსპერტებს და ჩვენს მოქალაქეებს აისახოს დოკუმენტში და მივიღოთ მაქსიმალურად სრულყოფილი კანონპროექტი, რომელიც ქართული სპორტის განვითარებას წაადგება“.
წყარო: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური