ცნობილი გახდა, რამდენი ბრძოლის ჩატარებას აპირებს პროფესიულ რინგზე სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ბრიტანელი ტაისონ ფიური.
Sky Sports-ის ანალიტიკოსის სპენსერ ოლივერის ინფორმაციით, ბრიტანელი ორ ბრძოლას ჩაატარებს და შერეულ ორთაბრძოლებში გადავა.
„ფიურიმ მომიყვა, რომ მას კონტრაქტით ორი ბრძოლა დარჩა, შემდეგ კი კრივიდან წასვლას აპირებს. ის ამბობს, რომ UFC-ში გადაწყვიტა გადასვლა. მისი თქმით, სერიოზული მიზნები აქვს“, – განაცხადა ოლივერმა.
შეგახსენებთ, რომ ტაისონ ფიური უახლოეს ბრძოლას 22 თებერვალს, ლას ვეგასში ჩაატარებს. ის WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონს, ამერიკელ დეონტეი უაილდერს დაუპირისპირდება.
31 წლის ფიურის კარიერაში 30 ბრძოლიდან 29 აქვს მოგებული, ერთი კი ფრედ დაასრულა.