ფინეთის ნაკრების ფეხბურთელი „96.2“ ნომრით თამაშობდა - მიზეზი რადიოსთან ხელშეკრულება იყო (ვიდეო)

მიკა ლეკოსოუ ფინეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველია, რომელიც 90-იან წლებში თამაშობდა. ის ჰელსინკის „ჰიკში“ გამოდიოდა.მოგვიანებით, ამ გუნდის მწვრთნელად დაინიშნა და ჩემპიონობამდე ორჯერ მიიყვანა. სათამაშო კარიერის განმავლობაში ცნობილი გახდა არა იმდენად თამაშით, არამედ უჩვეული ნომრის გამო.

როდესაც მიკა „ჰიკში“ თამაშობდა, ადგილობრივ რადიოსთან სარეკლამო ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც 96.2 სიხშირით მაუწყებლობდა. ამის შემდეგ ნახევარმცველმა კლუბისგან ნომერი 96.2 მოითხოვა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ლეკოსოუს ამის უფლება დართეს და ფეხბურთელი რამდენიმე წლის განმავლობაში ამ უჩვეულო ნომრით თამაშობდა.

ლეკოსოუს სარეკლამო ხელშეკრულება დასრულდა მაშინ, როდესაც ფინეთის ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთხელ ჰელსინკის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. მიკას არასტანდარტულ ნომერს უეფა-მ ყურადღება მიიქცია – მას სთხოვეს, რიცხვი 1-დან 99-მდე აერჩია, მან კი უფრო სასურველი 96 აიღო.

სხვათა შორის, ახალმა ნომერმა მოთამაშეს წარმატება მაინც მოუტანა – ლეკოსოუმ ჯგუფურ ეტაპზე საჯარიმო დარტყმებიდან ორი გოლი გაიტანა, რომელთაგან ერთმა გუნდს „ბენფიკასთან“ მატჩი მოაგებინა – ეს ჩემპიონთა ლიგაზე დღემდე ფინეთის კლუბის ერთადერთი გამარჯვებაა. მეორე გოლი „ეინდჰოვენს“ გაუტანა, მაგრამ ჰოლანდიელებს რუდ ვან ნისტელროი ჰყავდათ, რომელმაც ჰეთ-თრიქით უპასუხა.

ამას გარდა, ლეკოსოუმ გოლით თავი ეროვნულ ნაკრებშიც გამოიჩინა – ეს 1999 წელს ბელგიელებთან ამხანაგურ მატჩში მოხდა, რომელიც ფინელებმა 4:3 მოიგეს. მთავარი ისაა, რომ მიკამ მეოთხე გოლი გაიტანა, რომლითაც ფინეთის ნაკრებს არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასახელო გამარჯვება მოუტანა.

ახლა მიკა ლეკოსოუ ნორვეგიის მეორე დივიზიონის გუნდს, „კონგსვინგერს“ წვრთნის – ჰელსინკის „ჰიკი“ გასულ მაისში დატოვა.