ფინელი ჟურნალისტი - კარგია, რომ ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში საქართველოსნაირ უსიამოვნო მეტოქეს ავცდით #1TVSPORT
ფინელი ჟურნალისტი - კარგია, რომ ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში საქართველოსნაირ უსიამოვნო მეტოქეს ავცდით #1TVSPORT

ფინური გამოცემა Helsingin Sanomat-ის ჟურნალისტმა, არი ვირტანენმა კომენტარი გააკეთა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგებზე, სადაც ფინეთის ეროვნულ გუნდს ჯგუფში დაუპირისპირდებიან დანია, სლოვენია, ყაზახეთი, ჩრდილოეთ ირლანდია და სან მარინო.

არი ვირტანენის აზრით, ფინეთის ნაკრებს იმაში გაუმართლა, რომ მეოთხე კალათის გუნდებიდან ყაზახეთის ნაკრები შეხვდა და არა ბევრად ძლიერი სამი ნაკრები, რომელთა შორის საქართველოს ნაკრებიც დაასახელა.

„ამჯერად გათამაშება უფრო ხელსაყრელი გამოდგა, ვიდრე წინა საკვალიფიკაციო რაუნდში, ამიტომ მომავალ წელს თავის გასამართლებელი საბაბი არ გვექნება. ჯგუფი შეიძლება ბევრად უარესი ყოფილიყო. პირველი კალათიდან დანიაზე ძლიერ მეტოქესთან მოხვედრაც შეგვეძლო, მესამეში – ფინეთმა გვერდი აუარა ნორვეგიას, უკრაინას, შვედეთს, რუმინეთსა და ისლანდიას, რომლებიც სლოვენიაზე უარესი მეტოქეები იქნებოდნენ. მეოთხე კალათიდანაც კი ფინეთმა უსიამოვნო მეტოქეებს – საქართველოს, საბერძნეთსა და თურქეთს თავი აარიდა. ალბათ, ყველაზე ცუდი მეტოქე, სლოვაკეთთან ერთად, ფინეთმა მიიღო მეხუთე კალათიდან – ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრები“, – წერს ავტორი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებები ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულები არიან და ერთმანეთს ევრო 2024-ის პლეიოფში შეხვდებიან.

საქართველო, როგორც ერთა ლიგის C დივიზიონის 4 ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი, ოთხეულში უარესს, ყაზახეთს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.